ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების „სრულად შესრულებას“ ელოდება

Tags

18 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

შეხვედრაზე, რომელსაც ახლადშეწყალებული უგულავა და ოქრუაშვილიც ესწრებოდნენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც იმედი გამოთქვეს, რომ საპატიმროს მალე „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუაც დატოვებს, რის შემდეგაც, პარლამენტი 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

„ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ,“ – აცხადებს ოპოზიცია.

ოპოზიციური პარტიების განცხადებამდე საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართა, რომელზედაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ და რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

საერთო განცხადების თანახმად, ოპოზიციის მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების „მშვიდ, ნორმალურ“ ვითარებაში ჩატარება და ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებაა. 

ოპოზიციის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ „ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან [უნდა გამოიყვანოს და], გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ“, რათა საქართველოში „პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და პოლიტპატიმრების [პრობლემა]“ აღარ იდგეს.

ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისინი კოორდინირებულად მოქმედებას აპირებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მედიასთან დღევანდელი კონსულტაციების დეტალებზე ისაუბრეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად გიორგი რურუას საკითხზე იყო, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის მხარდასაჭერად „პრინციპული მნიშვნელობის“ წინაპირობად განიხილავს. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბოკუჩავას სულისკვეთება გაიზიარა და დასძინა, რომ ოქტომბერში „არსებითად უფრო ნორმალური“ არჩევნების ჩატარების შემდეგ, ყველა პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით კი – „ქართული ოცნება“, ამომრჩევლის ვერდიქტს უნდა შეეგუოს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე საუბრისას ლეიბორისული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანახმებული სტრატეგია ექნებათ.

საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ლეიბორისტების ოფისში მოთათბირე ოპოზიციონერებმა შეხვედრები ორთვიანი პაუზის შემდეგ, 13 მაისს განაახლეს, რასაც წინ 11 მაისს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი უძღოდა, სადაც მან განმარტა, რომ ქართულ ოცნებას „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ პირობა „არავის წინაშე არ დაუდია.“ საპასუხოდ, ოპოზიციაში თქვეს, რომ „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ. ამას 15 მაისს პრეზიდენტის მიერ ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალება მოჰყვა.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებზე ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო საქართველოსთვის, სამოქალაქო მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, გირჩი, ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან.

საარჩევნო რეფორმისათვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 კანონმდებლის ხმა სჭირდება. ამჟამად პარლამენტში 149 დეპუტატია, რომელთაგანაც 93 ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში ირიცხება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 7 დეპუტატი ჰყავს; „ევროპულ საქართველოს“ – 19; პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების ფრაქციას – 7; „დამოუკიდებელ დეპუტატთა“ ფრაქციას – 6. ამასთან, პარლამენტში ირიცხება 17 უფრაქციო დეპუტატიც.

თეორიულად, ქართულ ოცნებას (93 დეპუტატი) საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატების (ჯამში 26 დეპუტატი) მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია, თუკი იგი დარჩენილი 30 კანონმდებლიდან 20-ის მიმხრობას შეძლებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button