skip to content
რესპუბლიკის ამბები

საქართველო ევროპაში ეკონომიკურ მისიას აგზავნის

გაზ. ერთობა, 1920 წლის 30 მარტი, N72

ეკონომიური მისსია

(საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით 1920 წლის გაზაფხულზე   ეკონომიკური კავშირების დამყარების, სურსათის შესწყიდვისა და ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით დასავლეთ ევროპაში ეკონომიური მისია გაიგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის მეთაურობით. დელეგაციაში ასევე შედიოდა სახელმწიფო კონტროლიორი (სახელმწიფო აუდიტორი)  ფილიპე გოგიჩაიშვილი – რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა).

დამფუძნებელმა კრებამ დაადგინა გადაიდოს ოცი მილიონის თანხა ევროპაში ეკონომიური მისსიის გასაგზავნათ. აქამდის საქართველოს გაგზავნილი ჰყავდა ევროპაში პოლიტიკური მისსია, რომლის მთავარ დანიშნულებასაც შეადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. ამ მიზანს მისსიამ უკვე მიახწია: საქართველოს დამოუკიდებლობა იცნეს უძლიერესმა სახელმწიფოებმა. პოლიტიკურ მისსიას ჯერ კიდევ აქვს გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმეები, რომელთა შორის დღეს პირველი ადგილი უჭირავს ბათუმ-აჭარის საკითხს.

პოლიტიკური მისსიის დანიშნულებაა საქართველოს გარეშე მდგომარეობის გამაგრება. სულ სხვა მიზანი აქვს ეკონომიურ მისსიის გაგზავნას. მისი დანიშნულებაა, პირიქით, ხელი შეუწყოს საქართველოს გამაგრებას შიგნით. ამ გამაგრებას ხელს უმთავრესად ის უშლის, რომ საქართველოს არ აქვს შექმნილი ვალიუტა, ისეთი ღირებულება, რომელიც ჭეშმარიტ სიმდიდრეზე იყოს დაყრდნობილი და ჩვენ არ გვიხდებოდეს მხოლოდ ქაღალდის ფულის ბეჭდვა, რომელსაც რეალური ღირებულება არ უდევს საფუძვლად. ვალიუტის შესაქმნელად მისსია, ძლიერ სახელმწიფოებს მიმართავს დასახმარებლად. მაგრამ მისსიას, უეჭველია, ისიც ექნება გასათვალისწინებელი, რომ თვით გამარჯვებულ სახელმწიფოთა შორის ცოტაა ისეთი, რომელთა ვალიუტაც მკვიდრ ნიადაგზე იდგეს და რომელთა ფულის ფასიც დღითი-დღე არ ეცემოდეს. საკმარისია, მაგალითად, გავიხსენოთ საფრანგეთის სავაჭრო ბალანსი, რომ წარმოვიდგინოთ, რა გაჭირვებულ მდგომარეობაში ყოფილა ეს სახელმწიფო: საფრანგეთის ექსპორტი (გატანილი საქონელი) წარსულ წლის 11 თვის განმავლობაში უდრის 7 მილიარდ მარკას, იმპორტი კი (შემოტანილი საქონელი) 25 მილიარდს, ე. ი. მისი წაგება უდრის 18 მილიარდს. ეს გარემოებაა იმის მიზეზი, რომ საფრანგეთის ფულის კურსი საგრძნობლად ეცემა. ეკონომიური მისსის მოვალეობაა, მაშასადამე, გაითვალისწინოს რამდენათ საიმედოა რომელიმე  სახელმწიფოს ფულზე დაყრდნობა ვალიუტების შესაქმნელად.

ვალიუტის შესაქმნელად მისსიას დასჭირება საქართველოს სხვადასხვა სიმდიდრის გამოყენება. ჩვენი ქვეყანა არ არის ღარიბი. მის წიაღში იმდენი სიმდიდრეა ჩამარხული, რომ შედარებით მცირე შრომით შესაძლებელია დიდი ღირებულების დაგროვება. უცხოეთის კაპიტალი ხალისით გამოექანება ჩვენი ქვეყნისკენ; თუკი მას საშუალებას მივცემთ ჩვენს ქვეყანაში საექსპლოატაციოთ ფრთა გაშალოს. მაგრამ ეკონომიურ მისსიას ერთი რამ უნდა მტკიცეთ ახსოვდეს: უცხოეთის კაპიტალს საექსპლოატაციოდ უნდა დაეთმოს მხოლოდ ისეთი დარგები, რომლებსაც ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვერ გამოიყენებს, რომლებსაც უფრო მსხვილი კაპიტალი მოერევა, ვიდრე ჩვენს ქვეყანას შეუძლია გაიღოს. ჩვენს ქვეყანას მოეპოვება ისეთი მაღაროები, რომლის დამუშავებასაც უეჭველად მსხვილი წარმოების ხასიათი უნდა მიეცეს და ბევრად უფრო მსხვილი კაპიტალი დასჭირდება, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანას მოეპოვება.  საზოგადოთ კონსეციების გაცემა ჩვენს რესპუბლიკას დასჭირდება, მაგრამ მისსიას დიდი სიფრთხილე მართებს, რომ ეს გაცემა მხოლოდ ერთის პირობით ხდებოდეს: უცხოეთის კაპიტალმა უნდა ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიურად და კულტურულად წინ წაწევას და არამც და არამც არ უნდა გაიხადოს ჩვენი ქვეყანა საწველ ფურად. არავითარ შემთხვევაში მას ხელში არ უნდა ჩავუგდოთ ისეთი დარგები, რომელთანაც ჩვენი ქვეყნის არსებობაა დაკავშირებული და რომლის ხელში ჩაგდება ჩვენს ქვეყანას იმპერიალისტების კოლონიად გადააქცევს და ჩვენს ხალხს უცხოელების ყმად და მონად.

ეკონომიურ მისსიის გამგზავრებას კიდევ ერთი დიდი დანიშნულება აქვს. ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც ყველა ქვეყნები, განიცდის დიდს სასურსათო კრიზისს, რომელიც გამოწვეულია ექვსი წლის ომიანობით. კრიზისის გამწვავება, სხვათა შორის, იმითაც არის გამოწვეული, რომ საქონლის ბაზარი აირ-დაირია და ჩვენ გამორკვეული არა გვაქვს რომელ სახელმწიფოს რა საქონელი სჭირდება და რა საქონელი ჭარბათ აქვს. ეს გარემოება ძლიერ აძლიერებს სასურსათო საკითხის მოგვარებას და ძლიერ დიდს ზიანს აყენებს ჩვენს ვაჭრობა-მრეწველობას. ჩვენ, რომ მსოფლიო ბაზარი შესწავლილი გვქონდეს, ბევრად უფრო მეტს ფასებში გავყიდდით ჩვენს ღირებულებას და ბევრად უფრო იაფ ფასებში შევიძენდით სხვის საქონელს. მსოფლიო ბაზრის გაცნობა საშუალებას მოგვცემს ათასი სპეკულიანტის შუამდგომლობა ავიცილოთ თავიდან და ცოტა თუ ბევრად უშუამავლო კავშირი დავიჭიროთ მასთან.

მრავალი სხვა საქმეც გამოუჩნდება ეკონომიურ მისსიას. დიდის იმედებით გაუსტუმრებს მას საზღვარგარეთ ჩვენი რესპუბლიკა. და თუ იგი გაამართლებს ამ იმედებს, თუ პირნათლად შეასრულებს იმ დავალებას, რომელსაც ადებს მას ჩვენი ერი, ეს საქართველოსთვის პირდაპირ ხსნა იქნება. ვალიუტის შექმნა, მსოფლიო ბაზრის ზედმიწევნით შესწავლა და ამასთან მჭიდრო კავშირის გაბმა – ეს სწორეთ ის საშუალებაა, რომელიც გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას საქვეყნო მიზეზებით გამოწვეულ ეკონომიური კრიზისიდან.

მსგავსი/Related

Back to top button