პრემიერ-მინისტრი არჩევნების წინ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილებას აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.
„საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გადაწყვეტილება წინ უძღვის 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვალების განულების გადაწყვეტილება კამპანიის კონტექსტში მიიღო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 600 000 მოქალაქეს, რომელთაც ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ ფინანსური ვალდებულებები ჰქონდათ, ე.წ. შავი სიიდან ამოღებასა და მათი ვალების განულებას დაპირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)