Placeholder canvas
ახალი ამბები

ომბუდსმენი და ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ ქსენოფობიას გმობენ

საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინში მყოფი მოსახლეობის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს. საბჭოებმა და სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვეს „საზოგადოების ნაწილის მხრიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულების გამოხატვას გამო, რაც კორონა ვირუსის (COVID19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ხსენებული ტერიტორიების საკარანტინო ზონებად გამოცხადებას მოჰყვა“.

26 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, სახალხო დამცველმა და საბჭოებმა აღნიშნეს, რომ „საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, მომეტებული სავარაუდო რისკის წინაშე დღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეები აღმოჩდნენ“. ამიტომ, ისინი მოუწოდებენ ყველას, „თავი შეიკავონ ეთნიკური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი დამოკიდებულების გამოვლენისაგან და სოლიდარობა გამოიჩინონ შექმნილი ვითარებისადმი“.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ყველა ადამიანი, წარმოშობის მიუხედავად, თანაბრად დაუცველია ვირუსთან დაკავშირებული რისკების წინაშე, განსაკუთრებით საგანგაშოა კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე თუ სხვა პირად მახასიათებელზე აქცენტირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

23 მარტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მარნეულში გამოვლინდა ინფექციის ისეთი რთული შემთხვევა, რომელზეც „უკვე დიდი ხანია ვსაუბრობდით“, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემის ეტაპი დაიწყებოდა. მისივე თქმით, სწორედ სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“.

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი კარანტინის გამოცხადების თაობაზე აზერბაიჯანულ ენაზეც გადაიცა, რასაც აზერბაიჯანელი თანამემამულეების მიმართ ქართული ენის არცოდნის გამო Facebook-ის ზოგიერთი ეთნიკურად ქართველი მომხმარებლის კრიტიკა მოჰყვა. გარდა ამისა, სოციალური მედიის მომხმარებლებმა კორონავირუსით დაინფიცირებული მარნეულის მკვიდრის დაუდევარი საქციელი მის ეთნიკურ წარმომავლობას მიაწერეს. ეთნიკური აზერბაიჯანელი აქტივისტების ინფორმაციით, ზოგიერთი მომხმარებელი ისე შორსაც კი წავიდა, რომ საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევებაც კი მოითხოვა.

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტში 104 300, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტში 53 590 ადამიანი ცხოვრობს. მარნეულის მუნიციპალიტეტის 80% ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.

საქართველოში სულ 233 000 ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის 3.7 მილიონიანი მოსახლეობის 6.3%-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button