skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე მეგობრის მოსაზრება წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 16 იანვარს ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ  სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისათვის საჭიროა, სახეზე იყოს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულისათვის თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვას გაამართლებს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და „ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი“.

„საფრთხე, რომელიც გაამართლებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და თავისუფლების შეზღუდვას, უნდა იყოს კონკრეტული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსტრაქტული საფრთხის პირობებში, პატიმრობის გამოყენება, ფაქტობრივად, ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იქნება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მოსაზრებაში.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც  ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მიუთითებდა და მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ „ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან“. „აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, „მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა, როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე“.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ „ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოხმობილ სამართლებრივ არგუმენტებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც იქნება კონკრეტული საფრთხეებით დასაბუთებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში“.

ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს, თავდაპირველად ადმინისტრაციული ბრალდებით, მოგვიანებით კი სისხლის სამართლის კოდექსით წაყენებული ბრალდებით. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა ედება ბრალად. 14 იანვარს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამაღლობელის დაპატიმრებას სერიოზული შეშფოთება მოყვა კრიტიკული მედიის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მოპყრობის გამო. 14 იანვარს, არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება სოლიდარობის ნიშნად სამი საათით გაიფიცა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button