Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე „საგანგაშო პროცესებზე“ საუბრობენ

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე „საგანგაშო პროცესებს“ ეხმაურება და მენეჯმენტს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვისკენ მოუწოდებს.

კოალიციის წევრები 24 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, მაუწყებლის დირექტორის მიერ გუშინ მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის ერთ-ერთ ჟურნალიტს თეონა ხარაბაძეს სამუშაო ადგილი შეუცვალეს და იგი ბათუმიდან ქუთაისში, ოპერატორის გარეშე მიავლინეს. აგრეთვე, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა გადაცემა „ჰეშთეგიც“.

უფლებადამცველები თეონა ხარაბაძის განცხადებასაც იშველიებენ, სადაც იგი ამბობს, რომ „ამ ცვლილებით მას სამსახურიდან წასვლას აიძულებს მენეჯმენტი“, რადგან მისთვის შეუძლებელია სრულყოფილად შეასრულოს ახალი ამოცანები.

„თეონა ხარაბაძე აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტია და ის მაღალკვალიფიციურად მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გაშუქებასა და სოციალურ თემების მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობისათვის. ვვარაუდობთ, რომ მიერ დასმული კრიტიკული კითხვები ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნიდა“, – აცხადებენ კოალიციაში.

არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ გაურკვეველი ვადით შეჩერებული გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდიც მაუწყებელში „კრიტიკული“ და „განსხვავებული“ პოზიციის მქონე ადამიანები არიან. „სამწუხაროა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები გაუმჭვირვალედ და მოსახლეობის/საზოგადოებრივი არხის დამფინანსებლების სათანადოდ ინფორმირებულობის გარეშე მოხდა“, – დასძენენ ისინი.

უფლებადამცველების განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ „პანდემიით გამოწვეული საფრთხეების“ ფონზე, მოსახლეობის საჭიროებების შესახებ საკითხების გაშუქების ვალდებულებები მაუწყებელმა უფრო გააფართოვოს, „მენეჯმენტმა კრიტიკულად საჭირო პროგრამების დახურვით და ადამიანების დევნის გაგრძელებით უპასუხა მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე დიდ გამოწვევას“.

„საზოგადოებრივი არხი საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნითაა შექმნილი. მიგვაჩნია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უარს აცხადებს შეასრულოს მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობები. ეს კი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საფუძველია“, – განმარტავენ ისინი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უფლებადამცველები საზოგადოებრივი არხის სამეურვეო საბჭოს აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისა და აჭარის მაუწყებელში „ადამიანების დევნისა და კანონის შეუსრულებლობის შესახებ“ საზოგადოებისთვის მოსაზრებების გაცნობისკენ მოუწოდებენ.

დღესვე, აჭარის მაუწყებელში მიმდნარე პროცესებს დამოუკიდებელი განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ გამოეხმაურა და განმარტა, რომ „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი დევნის ჟურნალისტებს და საკადრო გადაწყვეტილებებით ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას“.

„ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთი საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც ქმნის გაუსაძლის სამუშაო პირობებს, ახალი ამბების სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. დღევანდელი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ასეთი პოლიტიკის განხორციელება კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას“, – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

რა მოხდა გუშინ? 

აჭარის მაუწყებელის რეპორტიორმა თეონა ხარაბაძემ გუშინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ იგი საქმიანობის გასაგრძელებლად ბათუმიდან ქუთაისში გადაჰყავთ.

„გთხოვთ ვიდეოოპერატორის არყოფნის განმავლობაში, რეპორტიორის მოვალეობა შეასრულოთ მხოლოდ რადიოსა და ვებმაუწყებლობისთვის. ხოლო ვიდეოპერატორის აყვანის შემდეგ, ტელემაუწყებლისთვისაც“, – ვკითხულობთ ხარაბაძისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

თავად თეონა ხარაბაძემ დირექტორის ეს გადაწყვტილება დირექტორის მიერ მისი სამსახურიდან გაშვებად შეაფასა და თქვა: „მიშვებენ იქ, სადაც მაუწყებელს ჯგუფი მხოლოდ პარლამენტის გამო ჰქონდა და სადაც ბიურო ორი წლის წინ გაუქმდა… ეს ვითარება, ვიცი, რასაც ნიშნავს, რომ მე უნდა წავიდე სამსახურიდან“.

„[ასეთი] წერილი მივიღე მაშინ, როდესაც ყველაზე მძიმე დროს ვცდილობდი მოქალაქეებისთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა. დღევანდელი ჩართვებისა და რამდენიმე რეპორტაჟისთვის ჯილდოა“, – დაწერა თეონა ხარაბაძემ.

გუშინ განცხადება აჭარის მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთგის“ გუნდმაც გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაცემა „განუსაზღვრელი“ ვადით ჩერდება.

„ჰეშთეგის“ გუნდის განმარტებით, ისინი სრულად იაზრებენ „არსებული ვითარების სიმძაფრეს“ და აღნიშნულის გათვალისწინებით, დროებით ფორმატის ცვლილებისა და მუშაობის დისტანციურ ფორმაზე გადასვლისთვისაც მზად იყვნენ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „[ეს] გვაფიქრებინებს იმას, რომ კრიტიკული გადაცემის გაჩერების საბაბად არსებული ვითარება იქნა გამოყენებული“, – განაცხადეს მათ.

„ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვნად ფუნქციონირება. სამწუხაროდ, მენეჯმენტის პოლიტიკა სრულიად საპირისპიროა. დღეს, ახალი ამბების სამსახურის კიდევ ერთი კრიტიკული რეპორტიორი – თეონა ხარაბაძე, ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს და მორიგი ნაბიჯი გადადგეს საინფორმაციო სამსახურის კრიტიკული ბირთვის დასუსტებისკენ“, – ვკითხულობთ „ჰეშთეგის“ განცხადებაში.

მათ იქვე განმარტეს, რომ მაუწყებლის ალტერნატიულმა პროფკავშირმა გაფიცვის უფლება მოიპოვა, თუმცა „ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე“ მათ „პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე“ უარი არ თქვეს.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს წინ 13 მარტს დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურიძის გათავისუფლება უძღოდა.

ამასთან, 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის აწ ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, მისი ასევე ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ასევე უკვე ყოფილი წამყვანი თეონა ბაკურიძე, აჭარის მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. სასამართლოში მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) დაიცავს.

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები უკვე დიდი ხანია ახალი მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და მისი შეცვლის მცდელობაზე საუბრობენ. ამის გასაპროტესტებლად მათ არაერთი საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

ახალი მენეჯმენტის მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გათავისუფლების პარალელურად, აჭარის მუწყებელი თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემაც დატოვა. უფრო ადრე კი, მაუწყებელი დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა და თქვა, რომ ეს „ნებაყოფლობითი პროცესი“ არ იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button