ახალი ამბები

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი დირექტორის მოადგილის პოსტიდან წასვლას ეხმაურება

Tags

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის ნათია ზოიძის მიერ გუშინ სამსახურიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მის გადაწყვეტილებას „სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარ ფაქტად“ აფასებს.

აჭარის მაუწყებლის დირექტორის აწ უკვე ყოფილმა მოადგილემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ Facebook-ის საშუალებით განაცხადა და თქვა, რომ ეს „ნებაყოფბლობითი პროცესი“ არ არის.

მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნათია ზოიძე „ერთეული შემთხვევა“ არ არის და „მაუწყებლიდან პროფესიონალი და პრინციპული თანამშრომლების გადინებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო“.

აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში პროფკავშირი სრულ პასუხისმგებლობას დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს აკისრებენ და აცხადებენ, რომ მაუწყებლის თანამშრომლები „დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას“ აგრძელებენ, რადგან „ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვისაც მაუწყებლის ღირებულებები და მისია მიუღებელი ცნებებია“.

„იმ პირობებში, როდესაც არცერთი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ სვამს კითხვებს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც ტელევიზიის წინაშე უამრავი გამოწვევაა, დირექტორი და მრჩეველთა საბჭო საუბრობენ არა ამ პრობლემების გამოსწორებაზე, არამედ ასუსტებენ მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ებრძვიან თავისუფალ რედაქციას. მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები შეუძლებელს ხდის თანამშრომლების მხრიდან მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას“, – ვკითხულობთ პროფკავშირის განცხადებაში.

პროფკავშირისვე განმარტებით, „საარჩევნო წელს ამგვარი რყევები დამატებით პოლიტიკურ მდგენელს სძენს პროცესს და აჩენს ეჭვებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ცვლილებები“.

რატომ წავიდა ნათია ზოიძე? – ვრცლად

ნათია ზოიძის განმარტებით, იგი იძულებული იყო, რომ წასლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მისი ახალი ხელშეკრულება „საქმის კეთების საშუალებას აღარ იძლეოდა“. მისივე თქმით, იგი თანამდებობაზე ამ დრომდე იმიტომ დარჩა, რომ „არხზე არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები“ და მისთვის „პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, გაუგრძელებდნენ თუ არა შრომით ხელშეკრულებებს მომავალი წლიდან მათ“.

გასული წლის დეკემბერში აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის ხელშეკრულების პირობები შეუცვალა და ის პუნქტები ამოიღო, რომელთა საფუძველზეც ზოიძეს მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.

ზოიძე ამბობს, რომ ის საკუთარი გადაწყვეტილებით „აღფრთოვანებული“ არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ „ეს გარდაუვალი იყო“. „ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ“, – ამბობს იგი.

„კოხრეიძე [მაუწყებლის ახალი დირექტორი] არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს, დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას. აღარ შევეხები მრჩეველთა საბჭოს ცალკეულ წევრებს, სისტემის მსახურებზე დროის კარგვა არ ღირს“, – განმარტავს იგი და იქვე იმედს გამოთქვამს, რომ არხიდან მისი წამოსვლით „რამდენიმე თანამშრომელი დროებით მაინც გათავისუფლდება ზეწოლისა და წნეხისგან“.

ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები ახალი დირექტორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და მას „შანტაჟსა“ და „თვალთვალში“ ადანაშაულებენ.

გასული წლის დეკემბერში, ახალი დირექტორის არჩევიდან რამდენიმე დღეში, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების გუნდის ერთმა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა და „თანამშრომლებზე თავდასხმის, დისკრედიტაციისა“ და „დაუსაბუთებელი ბრალდებების“ შეწყვეტა მოითხოვა.

ზოიძე მაუწყებელში „ბოლო ცხრა თვის განმავლობაში“ მიმდინარე მოვლენებს „პოლიტიკურ პროცესად აფასებს“ და იქვე ამბობს, რომ მან აჭარის მაუწყებლის დირექტორს უჩივლა და ამბავს ბოლომდე მიჰყვება. „სისტემა, რომელიც გვებრძვის, გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს, მაინც დამარცხდება“, – განმარტავს იგი.

მისივე ცნობით, იგი საქმიანობას „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „ღამის ამბებში“ გააგრძელებს.

ამბის წინაისტორია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე სამი წლის ვადით 22 ნოემბერს აირჩიეს. მას მხარი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან სამმა დაუჭირა. საბჭოში სამივე მათგანი ქართული ოცნების კვოტით არის შესული.

აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის აპრილში, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აწ უკვე ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. კაპანაძეს თანამდებობა ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დაატოვებინეს.

მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და ეს პროცესი „მკვეთრად უარყოფითად“ შეაფასეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მმართველ გუნდს მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდა და დირექტორის იმპიჩმენტი სწორედ აღნიშნულის საპირისპირო ტენდენციით ჩანაცვლებას ემსახურებოდა.

აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის დამოკიდებულება არჩევის დღესვე გახდა ცნობილი. თავდაპირველად მან გასაუბრებაზე თქვა, რომ ჟურნალისტებმა მოთმინება უნდა ისწავლონ. იმავე დღეს, აჭარის ტელევიზიის საღამოს ეთერში სტუმრობისას კი, მან წამყვანს უთხრა, რომ თუკი რესპონდენტი კონკრეტული ტელევიზიის ეთერში სტუმრობაზე უარს ამბობს, ეს არა სტუმრის, არამედ თავად მაუწყებლის ბრალია.

საუბარი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ დასმული კრიტიკული კითხვების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდნენ. მათ შორის იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button