ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიის წამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

Tags

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას, რომელიც 13 მარტით თარიღდება, ხელს მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აწერს.

კოხრეიძე აწ უკვე ყოფილ წამყვანს შრომის შინაგანაწესის პირობების „აშკარა უხეშ დარღვევას“ ედავება. კერძოდ, ბრძანებაში იგი წერს, რომ 2020 წლის 6 მარტს, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, ბაკურიძემ „შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი“ სიტყვებით მიმართა საინფორმაციო სამსახურის უფროსს გიორგი აბაზაძეს და მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში ხელი შეუშლა.

„შებღალა მისი ღირსება და პატივი, აბუჩად აიგდო, აპელირებდა, რომ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დაიკავა სხვისი თანამდებობრივი პოზიცია, ადანაშაულებდა მას თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის განზრახვაში. აცხადებდა ასევე, რომ არ შეასრულებდა სამსახურის უფროსისა და რედაქტორის სამსახურებრივ მითითებებს, წინასწარი განზრახვით თავს აარიდებდა მოვალეობის შესრულებას“, – ვკითხულობთ ბრძანებაში, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ თეონა ბაკურიძემ გამოაქვეყნა.

ამავე ბრძანების მიხედვით, ბაკურიძე „შეგნებულად [და] მიზანმიმართლად, აიგნორებდა რედაქტორის მითითებებს, ქმნიდა დაძაბულობას და კონფლიქტურ სიტუაციას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა საინფორმაციო სამსახურის გამართულ მუშაობას“.

ამასთან, ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა გიორგი აბაზაძისა და საინფორმაციო გადაცემის რედაქტორის ფირუზ ბოლქვაძის მიმართ „ფსიქოლოგიურ ზეწოლას“ და „აშკარა ბულინგს“, რამაც აბაზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას წინ, 6 მარტს, მისთვის საქმიანობიდან დროებით ჩამოშორება უძღოდა. მაუწყებლის დირექტორი ბაკურიძეს მაშინაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელზე ზეწოლას ედავებოდა. შესაბამის ბრძანებაში მითითებული იყო, რომ ბაკურიძე აბაზაძეს „მისი პოზიციის“ დატოვებას აიძულებდა.

ამასთან, 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის აწ ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, მისი ასევე ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ასევე უკვე ყოფილი წამყვანი თეონა ბაკურიძე, აჭარის მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. სასამართლოში მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) დაიცავს.

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები უკვე დიდი ხანია ახალი მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და მისი შეცვლის მცდელობაზე, საუბრობენ. ამის გასაპტოტესტებლად მათ არაერთი საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

ახალი მენეჯმენტის მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გათავისუფლების პარალელურად, აჭარის მუწყებელი თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემაც დატოვა. უფრო ადრე კი, მაუწყებელი დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა და თქვა, რომ ეს „ნებაყოფლობითი პროცესი“ არ იყო.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button