ახალი ამბები

არასამთავრობოები აჭარის მაუწყებელში არსებული ვითარების გამო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

38 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის მაუწყებელში „მიმდინარე საგანგაშო პროცესებს“ ეხმიანება და საერთაშორისო ორგანიზაციებს მათი მანდატის ფარგლებში, „რეაგირებასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას“ სთხოვს.

17 მარტს გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში უფლებადამცველები საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ:

  • დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატებში დააყენონ აჭარის მაუწყებლის საკითხი;
  • მანდატის ფარგლებში მიიღონ შესაბამისი ზომები (საჯარო გამოხმაურება, მიმართვა მთავრობასთან და ა.შ.) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად.
ერთობლივი მიმართვის ადრესატებს შორის არიან: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი ადამიანის უფლებების სფეროში ეიმონ გილმორი, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისების მართვის საკითხებში ტოივო კლაარი, ეუთოს წარმომადგენელი მედია თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი და სხვ.

ხელმომწერები მიმართვაში ყურადღებას მაუწყებლის ახალი დირექტორის მხრიდან მაუწყებელში „კრიტიკული შინაარსის საკვანძო რგოლის“ არსებითად დასუსტების მცდელობაზე მიუთითებენ, რაც მათივე შეფასებით, „ახალი ამბების სამსახურისა და მნიშვნელოვანი პოზიციების მქონე თანამშრომლების“ სამსახურიდან გათავისუფლებით ან „სხვა ნაკლებად გავლენიან სამსახურებში“ გადაყვანით გამოიხატა.

„აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის მიღმა, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს ატარებს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

არასამთავრობოების განცხადებას წინ, მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიერ 13 მარტს „აჭარის ტელევიზიის“ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურიძის გათავისუფლება უძღოდა.

მანამდე, 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის აწ ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, მისი ასევე ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ასევე უკვე ყოფილი წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელიც იმ დროისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას დროებით იყო ჩამოშორებული, აჭარის მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. სასამართლოში მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) დაიცავს.

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები უკვე დიდი ხანია ახალი მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და მისი შეცვლის მცდელობაზე, საუბრობენ. ამის გასაპროტესტებლად მათ არაერთი საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

მათვე განცხადებით, „მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები“ თანამშრომლებში აჩენს „დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდისა და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება“, რაც „მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს“.

„მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასუსტება გააქრობს იმ ღია, კრიტიკულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც აჭარის მაუწყებელმა ბოლო პერიოდში შექმნა და რომელიც არაპრივილეგირებული, ჩაგრული სოციალური ჯგუფებისთვის მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეპრეზენტაციის რესურსი გახდა“, – აღნიშნავენ უფლებადამცველები.

მათივე შეფასებით, „აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესი არსებული პოლიტიკური გარემოს ზოგად კონტექსტში უნდა იქნას დანახული, სადაც აშკარაა ხელისუფლების ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედიაჯგუფები და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს“.

არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეებში, „საზოგადოება აკვირდება აშკარად მტრულ რიტორიკას და სამართლებრივ დავებს“, ისეთი „კრიტიკული მედიის“ მიმართ, როგორებიცაა: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“. მათივე შეფესებით, ეს რიტორიკა „ხელისუფლების მხრიდან მომდინარეობს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button