ახალი ამბები

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

Tags

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების მხარდასაჭერად, დღეს, პარლამენტის წინ, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ორგანიზებით, სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ჟურნალისტებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა სოლიდარობის აქცია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 15 თებერვალს მას შემდეგ დაგეგმა, რაც მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი „არასასურველი ადამიანების დევნით“ არიან დაკავებულნი.

ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და „მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიიდან დათხოვნა“.

საპროტესტო ბანერებით – „ნუ ჩაერევი“, „თავისუფლება აჭარის ტელევიზიას“, „ვერ მოგვერევი“ და ა.შ. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ დღის ოთხი საათისთვის შეიკრიბნენ და აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ რედაქტორის თაზო კუპრეიშვილის თქმით, აჭარის მაუწყებელში ახალი დირექტორის მისვლამ სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხე გააჩინა, რაზეც თავად მაუწყებლის ჟურნალისტები საუბრობენ.

„არ შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებლები წყვეტდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა ხდება და საფრთხეს უქმნიდნენ იმ მონაპოვარს, რასაც აჭარის ტელევიზია ჰქვია“, – აღნიშნა თაზო კუპრეიშვილმა და იქვე დასძინა: „ყველა ჟურნალისტის მოვალეობაა, რომ დავიცვათ თითოეული ამ ჟურნალისტის სამუშაო გარემო და სიტყვის თავისუფლება, იმიტომ, რომ ეს არ დაწყებულა აჭარის ტელევიზიით და არც [ამით] დასრულდება“.

„სტუდია მონიტორის“ რედაქტორის მაია მეცხვარიშვილის შეფასებით კი, „ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ, ზოგადად, ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და საქართველოში მედიის მნიშვნელოვნად მდგომარეობას აუარესებს“. „სწორედ ამიტომ ბევრმა ადამიანმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. 

მთავრობის მიერ ახალი დირექტორის – გიორგი კოხრეიძის ხელით აჭარის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებელი პოლიტიკის ცვლილების მცდელობაზე საუბრობს ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილიც და ამბობს, რომ „ხელისუფლებას არ მოსწონს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი აჭარის ტელევიზია“.

დღევანდელ აქციას Twitter-ზე მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ გამოეხმაურა და ხელისუფლებას „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკის პატივისცემისკენ მოუწოდა.

თბილისის პარალელურად, აჭარის მაუწყებლების თანამშრომლებისადმი სოლიდარობის აქციები რეგიონებშიც გაიმართა, მათ შორის ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button