skip to content
ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან კვირას დაბრუნდა. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ინფიცირებულს საზღვარზე ინფექციის კლინიკური მაჩვენებლები არ აღენიშნებოდა, თუმცა მას მოგვინებით „მაღალი ტემპერატურა განუვითარდა და ინფექციურ საავადმყოფოს გუშინ დილით მან თავად მიმართა. 

ამირან გამყრელიძემ საერთაშორისო მოგზაურობებიდან, განსაკუთრებით კი – მაღალი დასნეულების ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა და რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკებისთვის მიმართვის თხოვნით მიმართა.

ამასთან, გამყრელიძემ კარანტინსა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფ მოქალაქეებს შესაბამისი წესების დაცვისკენაც მოუწოდა. „უნდა იზრუნენ როგორც საკუთარ ისე საზოგადოების ჯანმრთელობაზე, რომ არ იყვნენ ინფექციის შემდგომი გავრცელების წყაროები“, – უთხრა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

ამირან გამყრელიძისვე განმარტებით, ამ ეტაპისთვის, ინფექციის მქონე ოთხი პაციენტიდან სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ბოლო, მეოთხე შემთხვევას, მისივე თქმით, „ის წინა სამ შეთხვევასთან შედარებით, უფრო საყურადღებოა“ და ავადმყოფზე დაკვირვება მიმდინარეობს. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. აქედან ორ დღეში, ქვეყანაში ინფექციის მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა, 29 თებერვალს კი – მესამე. ჯამში, ინფექციის მქონე ოთხი პაციენტიდან ორი საქართველოში ირანიდან, ორი კი – იტალიიდან დაბრუნდა. 

ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. ამასთან, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება. 

კორონავირუსის გამო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობებმა საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის მთავრობის გადაწყვეტილებით, 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button