skip to content
ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 თებერვალს, გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ვირუსით ინფიცირებული 50 წლამდე საქართველოს მოქალაქე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით გუშინ საღამოს შემოვიდა. მინისტრისვე თქმით, ის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, „ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში კორონა ვირუსის ეპიდემია არ გვქონდეს“. მისივე განმარტებით, დღის წესრიგში არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხდებისა და სწავლის შეწყვეტის საკითხი დგას.

მინისტრი სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტსაც შეეხო და თქვა: „პირბადეებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს მომწოდებლებთან და სააფთიაქო ქსელთან და ჩვენ დავეხმარებით მათ, რომ შემოიტანონ დამატებითი პირბადეები“. 

ტიკარაძისვე განცხადებით, დღეს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ირანთან მომდევნო ორი კვირით სახმელეთო გზით გადაადგილება შეიზღუდება. მანამდე, 23 თებერვალს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანთან საჰაერო მიმოსვლაც შეიზღუდა. 29 იანვარს ხელისუფლებამ ფრენები შეაჩერა ჩინეთთანაც.

აქვე აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ 25 თებერვალს კორონავირუსის გამო ოკუპირებულ რეგიონში უცხოელი მოქალაქეებისთვის შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა 7 აპრილამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ ეხება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტებები დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა. მანაც გაუსვა ხაზი, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, კორონავირუსის სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებლი გაცილებით დაბალია, ვიდრე ებოლას ვირუსის ან ე.წ. ფრინველის გრიპის დროს იყო. „ქვეყანაში ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ ქვეყანაში ინფექციის შემოტანის რისკი“, – დასძინა გამყრელიძემ. 

გამყრელიძემ ბრიფინგზე ვირუსისაგან თავდაცვისათვის საჭირო რეკომენდაციებზეც ისაუბრა და მოქალაქეებს იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია, რომლებშიაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

„დანარჩენი არის ჰიგიენური რეკომენდაციები, რასაც ჩვენ მუდამ ვიძლევით: ხშირად ხელების დაბანა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის მორიდება, ქირურგიული პირბადის ხმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ. მან ვირუსის სიმპტომების მქონე (ხველა, ტემპერატურის მომატება და სუნთქვის გაძნელება) მოქალაქეებს ექიმთან მისვლისაკენ მოუწოდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button