skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი კორონავირუსის გამო 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონში შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

ოკუპირებული ცხინვალის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, კორონავირუსის გამო 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები წესდება.

ადგილობრივი მედიასაშუალების „რეს“-ის ინფორმაციით, ცხინვალის ლიდერები რეგიონის მოსახლეობას ვირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

პარალელურად, ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ გადაწყვეტილებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი ცხინვალის მოქალაქეების რეგიონში დასაბრუნებლად, ოძისი-მოსაბრუნის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნება. „უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, „ყველა მოქალაქეს, ვინც ბოლო პერიოდში საქართველოს სტუმრობდა, კარანტინში მოათავსებენ“.

ოკუპირებული ცხინვალის „უშიშროების კომიტეტის“ განმარტებით, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ოძისი-მოსაბრუნის გამშვებ პუნქტზე, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური პერსონალი ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს განახორციელებს.

მანამდე, 27 თებერვალს, კორონავირუსის გამო ცხინვალმა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშრებელი ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

კორონავირუსის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლაზე უცხოელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვა 27 იანვარს აფხაზეთის ხელისუფლებამაც დააწესა და 25 თებერვალს ეს გადაწყვეტილება 7 აპრილამდე გაახანგრძლივა. ამ პერიოდის განმავლობაში სოხუმის ხელისუფლება გაძლიერებულ კონტროლს უზრუნველყოფს და დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე საკარანტინო ზომებს მიიღებს. სოხუმის მიერ დაწესებული შეზღუდვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ ეხებათ.

ადგილობრივი მედიასაშუალების „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის ხელისუფლება საკარანტინო ზომებს მდინარე ფსოუზე მდებარე სასაზღვრო პუნქტზეც დააწესებს, რომელიც რეგიონს რუსეთთან აკავშირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button