skip to content
ახალი ამბები

გიგი უგულავა ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის წევრობისთვის იბრძოლებს


გიგი უგულავა, 4 თებერვალი, 2018. ფოტო: კადრი ევროპული საქართველოს ვიდეომასალიდან

თბილისის ყოფილი მერი, ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2018 წლის აპრილში ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროპული საქართველოს მეხუთე რიგგარეშე ყრილობაზე, რომელიც 4 თებერვალს თბილისში, ჩატარდა.

„დადგა დრო, მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების გრძელ გზაზე,“ – განაცხადა ყრილობაზე გამოსვლისას გიგი უგულავამ. მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ უმკლავდება ეკონომიკასთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებულ პრობლემებს. „ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავისა და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე მე ეს გამოწვევა“, – განაცხადა მან. 

„ამ საყოველთაო უიმედობის ფონზე ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი საქართველოს  მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ“, – განაგრძო უგულავამ. მან ასევე ყურადღება ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაციის აუცილებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ „თუ ჩვენ, ოპოზიცია გავიმარჯვებთ ხონსა და ვანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც“, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. „თუ ვიქნებით კონსოლიდირებული, 2018 წელი დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ“, – დასძინა მან.

ყრილობაზე, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენასთან ერთად, პარტიის განახლებული პოლიტიკური საბჭოც აირჩიეს, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამაც, მიმართეს. 

დავით ბაქრაძემ გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მიერ მიღწეული შედეგი „წარმატებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „გადავდივართ სრულიად ახალ ბრძოლაზე. ვიწყებთ ბრძოლის ეტაპს, რომელსაც დავასრულებთ გამარჯვებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“. 

გიგა ბოკერიას განცხადებით კი, „ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ ივანიშვილის მთავრობას უფლებას, რომ ქვეყანა დატოვოს პოლიტიკურ ჭაობში, საქართველოს კიდევ ერთხელ დააკარგვინოს შანსი კეთილდღეობისკენ სწრაფვაში“.  „საქართველო იქნება ევროპული, ღირსეული მოქალაქეების მიერ შექმნილი ქვეყანა, და ჩვენ ყველა ამას გავაკეთებთ ერთად. ხონის და ვანის გავლით ევროპული საქართველოსკენ!“ – განაცხადა ბოკერიამ.

ევროპული საქართველო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2017 წლის იანვარში, საპარლამენტო არჩევნებიდან სამ თვეში გამოეყო. დღეისათვის, იგი საქართველოს 150-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის სტატუსით არის წარმოდგენილი და 21 მანდატს ფლობს. 

გასული წლის მაისში ევროპულმა საქართველომ დამფუძნებელი ყრილობა გამართა, ოქტომბერში კი – მონაწილეობა მიიღო თვითმმართველობის არჩევნებში, რომელშიც, პროპორციული სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმათა 10.4% მიიღო.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ორგანიზება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

შუალედური არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისია შუალედური არჩევნების თარიღს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა დანიშნავს.

მსგავსი/Related

Back to top button