skip to content
რესპუბლიკის ამბები

თფილისის ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან 2 წელი გავიდა

გაზ. ერთობა, 1920 წლის 27 იანვარი, N19

ქართული უნივერისტეტის ორი წლის თავი

26 იანვარს თფილისის უნივერსიტეტს ორი წლის თავი შეუსრულდა. როდესაც ჩვენი უნივერსიტეტი იხსნებოდა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა იმის გამო, შესძლებს, თუ არა, ჩვენი სახელმწიფო ნამდვილ უნივერსიტეტის მოწყობას, შესწევს თუ არა, მას ნივთიერი ძალა ამისათვის, შესწევს თუ არა, ჩვენს ერს საკმაო კულტურული ძალები, ჰყავს თუ არა საკმაოდ მომზადებული პირები მეცნიერების ქართულ ენაზე გასაძღოლად. ორი წლის პრაქტიკამ ეს ეჭვები გაფანტა. პირველ წელს გახსნილ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს უკვე დაემატა საექიმო და სამათემატიკო-ბუნებისმეტყველების ფაკულტეტები. სწავლა ყველა ფაკულტეტებზე წესიერად სწარმოებს, რამდენათაც კი ეს დღევანდელ პირობებში შესაძლებელია, უნივერსიტეტი ყოველ წლივ ახალ და ახალ სამეცნიერო ძალებს ძენს. მომავალში იმედია, რომ ჩვენს უნივერსიტეტს დაამშვენებენ ისეთი მსხვილი მეცნიერები, როგორიც არიან აკადემიკოსი ნიკო მარი და პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი წერეთელი.

ბევრი სუსტი მხარეები აქვს ჩვენს უნივერსიტეტს, აუარებელი შრომა დასჭირდება მის მოღვაწეებს უნივერსიტეტის იმ სიმაღლეზე დასაყენებლად. როგორც ამას მოითხოვს უმაღლეს სასწავლებლის ღირსება, ჯერ კიდევ მრავალ წლების მუშაობაა საჭირო ქართულ მეცნიერების შესაქმნელად. ჩვენს ახალგაზრდა დაწესებულებას ჯერ ჯერობით დასჭირდება დახმარება უცხო ერთა მეცნიერების მხრივ მაგრამ უმისოდ არსად არ შექმნილა უმაღლესი მეხნიერება. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ უცხოელების მოწვევა გვიხდება საკუთარ სამეცნიერო ძალების უყოლობის გამო, გასაკვირი უფრო ის არის, რომ ჩვენ მეტათ ცოტა დახმარება გვჭირდება გარედან.

ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია ჩვენს უნივერსიტეტს იმისათვის, რომ მის მსმენელთა მუშაობა ნორმალურ პირობებში მიდიოდეს. მაგრამ ეს ძალიან ნაკლებათ არის დამოკიდებული თვით უნივერსიტეტზე. საქვეყნო კრიზისი ყველა მდგომარეობის და ასაკის მოქალაქეს სარჩო-საბადებლის შოვნაზე იმდენ ჯაფის დახარჯვა ჭირდება, რომ ეს შეუძლებლად ხდის ახალგაზრდობამ მთელი თავისი ძალ-ღონე მეცნიერების შესწავლას შესწიროს. შედარებით სხვა ქვეყნებთან, სადაც ძლიერი საქვეყნო კრიზისი გავლენა, ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობა მაინც უდრო მეტ დროს ანდომებს თავის  პირდაპირ მოვალეობას.

დიდს დაბრკოლებას წარმოადგენს ჩვენი უნივერსიტეტისათვის ის გარემოებაც, რომ მას აკლია ტეხნიკური საშუალება სამეცნიერო შრომის დასაბეჭდავათ, ლაბორატორიების, კლინიკების და სხვა ამნაირ დაწესებულებების საჭირო სიმაღლეზე დასაყენებლად. მაგრამ არც ეს უნდა ჩავუთვალოთ ბრალად ჩვენს ახალგაზრდა უნივერსიტეტს: მას არ შეეძლო შეექმნა ის, რაც სრულებით არ არის დამოკიდებული მის ძალაზე, შრომის მოყვარეობაზე და უნარზე.

ყველაფერი ის,რ აც თვით უნიევრსიტეტეზეა დამოკიდებული, ვიტყვით თამამად, ჩვენმა ახალგაზრდა უმაღლესმა სასწვალებელმა შექმნა. ამ ორი წლის განმავლობაში მის მღვაწეებს არ დაუშურებიათ არც ძალა, არც შრომა, რომ საქართველოს ჭეშმარიტი უმაღლესი სასწავლებელი შეექმნათ. ვუსურვოთ, რომ მომავალშიც – ისეთივე ხალისით, ისეთივე შრომის-მოყვარეობით და გატაცებით განეგრძოთ მათ თავისი პასუხსაგები საქმე.

მსგავსი/Related

Back to top button