skip to content
ახალი ამბები

ექსპერტები აფრთხილებენ, რომ EQAR-ისა და ENQA-ის წევრობის შეჩერება საქართველოს უმაღლესი განათლების რეპუტაციას საფრთხეს უქმნის

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა დაკარგოს თავისი პოზიცია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ) წევრობა მას შემდეგ, რაც რეესტრმა 2023 წელს, არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. ცენტრი ამ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებს უგულებელყოფს, თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის უარყოფითი შედეგები მოყვება.

ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში 2023 წლის ოქტომბერშში განხორციელდა. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით (დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომია როგორც ENQA-ს, ასევე EQAR-ის ვებგვერდზე), დაფიქსირდა ხარვეზები, თუმცა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.

ცენტრმა ასევე განაცხადა, რომ გამოვლენილი ხარვეზები აღმოფხვრილია და „ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია“. ცენტრი ასევე აღნიშშნავს, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. „აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ექსპერტები გადაწყვეტილებას სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას უკავშირებენ

თუმცა, ექსპერტები არსებულ ვითარებას სხვაგვარად აფასებენ. უმაღლესი განათლების ექსპერტებმა ირინე დარჩიამ, ლიკა ღლონტმა, მარინე ჩიტაშვილმა და ქეთი ცოტნიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შეჩერების მიზეზი ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტების დარღვევაა. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან და რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გამოიყენება, როგორც უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი.

ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ENQA-ს წევრობის დაკარგვა და EQAR-ს რეგისტრაციის შეჩერებას მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. კერძოდ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ძირს გამოუთხრის საქართველოს შესაბამისობას ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებთან და ზიანს მიაყენებს საქართველოს განათლების სისტემის რეპუტაციას.

ექსპერტებმა ასევე გააფრთხილეს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვები ქართული დიპლომების უცხოეთში, განსაკუთრებით ევროკავშირში აღიარებასთან დაკავშირებით. შეჩერებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არსებულ და დაგეგმილ ერთობლივ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს, განსაკუთრებით იმ პროგრამეს, რომლებიც ორმაგი ხარისხის მინიჭებას ითვალისწინებს და ნეგატიურად იმოქმედოს საერთაშორისო მობილურობაზე, რაც საბოლოოდ იმოქმედებს როგორც განათლების ხარისხზე, ასევე უნივერსიტეტის შემოსავლებზე. უფრო მეტიც, შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარების დაკარგვა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს სამედიცინო ხარისხების მოქმედებას საზღვარგარეთ.

„მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შემოსავლებზე“, – განაცხადეს ექსპერტებმა ბრიფინგზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button