skip to content
რესპუბლიკის ამბები

სახალხო გვარდიის ნაწილებში სახალხო თეატრი და სამკითხველოები გაიხსნა

გაზ. ერთობა, 1920 წლის 6 იანვარი, N4

კულტურული მუშაობა სახალხო გვარდიაში

20 დეკემბერს გაიხსნა საგანგებო ათასეულში და საინჟინრო გუნდში თეატრი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გაკეთება და მოწყობა დაიწყო არა ზევიდან, არამედ – თვით ზემოხსენებულ გვარდიის ნაწილების კულტურულ-განმანათლებელი სექციისაგან. ამ უკანასკნელმა თავის მოკლე ხნის არსებობაში შესძლო ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების შექმნა. პირველი ნაბიჯი ძნელია, მაგრამ ფხიზელ დემოკრატიის შვილებს შეუძლია ამ დაბრკოლების გადალახვა. ამის ნიშნები უკვე სჩანს. ახლად დაარსებულ თეატრთან სცენის მოყვარე გვარდიელებისაგან და აფიცრებისაგან შესდგა დრამატიული დასი, რომელსაც მიზნათ აქვს სისტემატიურად მართოს წარმოდგენები. თეატრის გახსნისას წარმოდგენილ იქნა – „ჯერ დაიხოცნენ, შემდეგ იქორწილეს“, რომელიც კარგად ჩატარდა, 31 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა საკუთარი ძალების მიერ „ბატონი და ყმა“ –  დრამა 3 მოქმედებად და ვოდევილი 1 მოქმედებიანი „მკვდრები სდგებიან“. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თეატრი ძალების მხრით არ იქნება უძლური და გვარდიელი სცენის მოყვარეები ამ მხრით უზრუნველყოფენ მას. ნორჩ თეატრს სექციამ უწოდა სახელათ „სახალხო გვარდიელი“. იმედი გვაქვს, რომ ენერგიულათ დაწყებულ კულტურულ საქმეების კეთებას გვარდიელები და მის მიერ არჩეული კულტურა-განათლების სექცია გაორკეცებული  ხალისით განაგრძობს.  სახალხო გვარდიის საგანგებო ათასეულის და საინჟინრო გუნდის სამკითხველოს მომწყობი კომისია სთხოვს სხვადასხვა დაწესებულებებს და კერძო პირებს შეძლებისდაგვარათ შესწირონ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები ახლად დაარსებულ სამკითხველოს, ვინაიდან ახალი სამკითხველო ძლიერ ღარიბია, მას ესაჭიროება განსაკუთრებული დახმარება, რომ ჩვენს გვარდიელებს არ მოვაკლოთ კულტურული საზრდო: წიგნები და ჟურნალ-გაზეთები.

შემოწირულება მიიღება: საპიორის ქუჩა, საპიორის ყაზარმები, დ. ორაგველიძე. სამკითხველოს მომწყობი კომისია.

მსგავსი/Related

Back to top button