რესპუბლიკის ამბები

რაჟდენ არსენიძე რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 6 იანვარი, N4

ახალი მინისტრი

[1919 წლის 30-31 დეკემბერს დამფუძნებელმა კრებამ განიხილა მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ინიციატივა და ერთიანი სამინისტროებისგან ცალკე გამოჰყო იუსტიციისა და სამხედრო სამინისტროები. იუსტიციის მინისტრად კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე რაჟდენ არსენიძე დაინიშნა, ხოლო სამხედრო მინისტრად სოციალ-დემოკრატი, რესპუბლიკის ერობათა კავშირის თავმჯდომარე – გრიგოლ ლორთქიფანიძე. –  რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა]

პარასკევს, იანვრის 2-ს, თანამდებობის აღსრულებას შეუდგა იუსტიციის მინისტრად  ახლად დანიშნული რ. არსენიძე. ახალმა მინისტრმა იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ევგენი გეგეჭკორთან ერთად, დაიარა სასამართლო უწყების დაწესებულებაში მოთავსებული დაწესებულებანი და ეცნობოდა სასამართლოს მოხელეებს. ოლქის სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილების დარბაზებში ევგენი გეგეჭკორმა და რაჟდენ არსენიძემ მიმართე სიტყვებით იქ შეკრებილ მოხელეებს. მოხელეების მხრივ სიტყვით მიმართა მინისტრს ალ. შანშიაშვილმა. შემდეგ მინისტრის კაბინეტში გაიმართა მინისტრის თავმჯდომარეობით თათბირი, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს დაწესებულებათა უფროსებმა. შაბათს, იანვრის 3-ს, მინისტრმა მიიღო დაწვრილებითი მოხსენება დეპარტამენტის მმართველის გიორგი ჟორდანიასგან და გაეცნო სამინისტროს კანცელარიას.

მიღების საათები იუსტიციის სამინისტროში:

იუსტიციის მინისტრი მიიღებს მთხოვნელებს ორშაბათობით და ხუთშაბათობით 12-1 საათამდე, თანამდებობის პირთ – ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 11-12 საათამდე. იმავე დღეებში და საათებში იღებს თანამდებობის პირთ და მთხოვნელებს დეპარტამენტის დირექტორი.

მსგავსი/Related

Back to top button