რესპუბლიკის ამბები

შავ ზღვაში საქართველოსა და მოხალისეთა არმიის ფლოტს შორის შეტაკებები მწვავდება

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 9 დეკემბერი, N279

მოხალისეთა ლაშქრის მიერ საქართველოს გემ „ჭოროხის“ ხელში ჩაგდების გამო

2 დეკემბერს გაგრის მიმართულების გაიგზავნა გემი „ჭოროხი“ 150 ჯარისკაცით დატვირთვით. როგორც მთავრობას ატყობინებენ გაგრიდან ეს ტრანსპორტი ხელში ჩაიგდო მოხალისეთა ლაშქრის სამხედრო გემმა. მთავრობის დაუყონებლივ მიიღო ზომები მომხდარ ფაქტის გამოსარკვევათ; და დარწმუნდა რა, რომ ტრანსპორტი მართლაც ხელში ჩაიგდეს მოხალისეებმა, გარეშე საქმეთა მინისტრმა შემდეგი ნოტით მიმართა ყველა მოკავშირე მისიათა წარმომადგენლებს:

 „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო ცნობა გაგრიდან, რომ 2 დეკემბერს მოხალისეთა რაზმის სამხედრო გემმა ხელთ იგდო გემი „ჭოროხი“ ას ორმოცდა ათი ჯარის კაცით და ტვირთით. ეს ტრანსპორტი მიდიოდა სოხუმიდან გაგრაში. ამ შემთხვევას საქართველოს მთავრობა უყურებს, როგორც სამხედრო მოქმედების დაწყებას მოხალისეთა რაზმის მხრივ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ. ვაცხადებ რა ენერგიულ პროტესტს  მოხალისეთა ლაშქრის ასეთ ძალადობის აქტის წინააღმდეგ, მაქვს პატივი გაცნობით თქვენს აღმატებულებას, რომ თუ ქართველი ჯარისკაცები და აგრეთვე გემი ტვირთით დაუყონებლივ  არ იქნებიან განთავისუფლებული, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ყოველ პასუხის გებას იხსნის თავიდან არა სასურველ მოსალოდნელ შედეგებისას.

საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი“.

ამის შესახებ ეცნობა რადიოთი აგრეთვე ჩვენს წარმომადგენლებს ევროპაში. როცა გამოირკვა, რომ მოკავშირეთა მისიის კითხვაზე გენ. დენიკინმა პასუხი არ გასცა ჩვენს სამხედრო ფლოტილიას ებრძანა ხელთ ეგდო მოხალისეთა რაზმის გემი.

6 დეკემბერს, ჩვენმა ფლოტილიამ ხელთ იგდო მოხალისეთა გემი. ამის შემდეგ 7 დეკემბერს შემდეგი ცნობა მოვიდა ფოთიდან:

„დღეს, დილის 11 საათსა და 30 წუთზე ჩრდილოეთით ფოთის ნაპირას, 5 ვერსიის მანძილზე გამოჩნდა გემი რუსული ფლაგით, რომელიც ათვალიერებდა ქალაქის რაიონს. მის შესახვედრად წავიდა გამანადგურებელი „ტარიელი“, გემის დასაკითხავად.

განადგურებულმა ნიშანი მისცა შეჩერებულიყო, რუსულ გემს, რომელიც როგორც გამოირკვა ნაღმის ჩამწყობი „დუნაი“ იყო. უკანა მხრიდან 75 მილიმეტრიანი ზარბაზნიდან სროლა აუტეხა. გამანადგურებელმა „ტარიელმა“ პასუხი 1 ზარბაზნისა და 1 ტყვიისმფრქვევლიდან სროლით. „დუნაიმ“ გამანადგურებელს 19 ყუმბარა ესროლა, მაგრამ შედეგად. გამანადგურებელი „ტარიელი“ მანევრების საშუალებით  მიუახლოვდა  და ესროლა 25 ყუმბარა. რომელთაგან სამი მოარტყა, რის შედეგადაც „დუნაიმ“ უმაღლესი სისწრაფე განავითარა და ჩრდილოეთისაკენ გაბრუნდა.

ამ ცნობის მიღებისთანავე საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 დეკემბრის ნოტით ეს აუწყა მოკავშირეთა მისიების წარმომადგენელთ.

მთავრობა იღებს შესაფერ სამხედრო ზომებს რესპუბლიკის ინტერესების დასაცავად მოხალისეთა ჯარის მხრით ახალი თავდასხმის ასაშორებლათ.

მსგავსი/Related

Back to top button