ილია დარჩიაშვილი არგენტინას სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც 28 მარტიდან არგენტინას სტუმრობს, უკვე შეხვდა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ასევე არგენტინის სენატის პრეზიდენტია, ვიქტორია ვილარუელს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დიანა მონდინოს, და ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტს მატიას ლოპესს. დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
შეხვედრა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტთან, სენატის პრეზიდენტთან
არგენტინის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც ასევე სენატის პრეზიდენტია, ვიქტორია ვილარუელთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის „მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები“ განიხილეს, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან ჩაეყარა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წარმატებით გაგრძელდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს არგენტინასა და ზოგადად სამხრეთ ამერიკის რეგიონში. მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს საქართველო-არგენტინის საპარლამენტო თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო დონეზე კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის კონტინენტზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები მიმოიხილეს. „ყურადღება გამახვილდა საქართველოს გაზრდილ რეგიონულ როლზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის აქტიურ კომუნიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და ქვეყნის შესაძლებლობათა პოზიციონირების თვალსაზრისით“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაუსვეს არგენტინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, და ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი შეაფასეს.
My official visit to Argentina started today. Held the first meeting with @VickyVillarruel, Vice-President, President of the Senate of ??. We welcomed the high-level partnership between our countries and expressed readiness to develop ??-?? ties in bilateral and multilateral… pic.twitter.com/7gepKKOiPz
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) March 27, 2024
შეხვედრა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან
თავის არგენტინელ კოლეგასთან შეხვედრაზე, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა არგენტინასთან, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და მაღალი დონის კონტაქტების ინტენსიფიკაციის აუცილებლობას. მინისტრებმა ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ საქართველოს გაზრდილ რეგიონულ და საერთაშორისო როლზე, რასაც ასევე განაპირობებს საქართველოსა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობაზე. „ამ კუთხით, ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელსაყრელ სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან, ჩინეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან, აგრეთვე, საქართველოს გაზრდილ როლს შავი ზღვის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა არგენტინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც „მნიშვნელოვანი გზავნილია ფართო რეგიონისთვის“. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა არგენტინის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფროსი ნიკოლას პოსე.
შეხვედრის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა „ისტორიული ნიმუშების გამოფენა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1919 წლის 15 სექტემბერს არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, იპოლიტო ირიგოენის მიერ ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აქტი, ასევე ქვეყნებს შორის 1918-1921 წლებში წარმოებული ოფიციალური მიმოწერის ისტორია. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირების ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ.
Many thanks to my Argentinian colleague Diana Elena Mondino for a warm welcome. ?? was among the earliest nations to acknowledge the establishment of the 1st Democratic Republic of Georgia. We agreed to continue close cooperation to bring our friendly countries closer to each… pic.twitter.com/lv6n0Dz0Lc
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) March 27, 2024
ვიზიტი ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოში
არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 მარტს ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა, სადაც, ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის ტიტული მიენიჭა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტს მატიას ლოპესს ჯილდოსთვის და ორ ქვეყანას შორის „ისტორიულ მეგობრობაზე“ ისაუბრა.
ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ავტონომიურ ქალაქ ბუენოს-აირესს შორის. „დოკუმენტი ხელს უწყობს თბილისის საკრებულოსა და ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალური განვითარებისა და თვითმმართველობის საკითხებზე თანამშრომლობის გამყარებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)