ახალი ამბები

საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახლად დანიშნულ ელჩებს 24 იანვარს შეხვდა.

პაატა კალანდაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მანამდე ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო საქართველოს ელჩი. ის სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში.

ზაზა კანდელაკი საქართველოს ელჩად დაინიშნა ისრაელში. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე – საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში. იგი ასევე იყო საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი.

საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში არჩილ ძულიაშვილი გახდა. მანამდე ძულიაშვილი საქართველოს ელჩი იყო ინდოეთში. ასევე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სხვადასხვა თანამდებობებიც ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ქუვეითში საქართველოს ელჩის თანამდებობა ნოშრევან ლომთათიძემ დაიკავა. იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button