დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივანიშვილის “ოლიგარქად” ხსენების გამო გამოიძახა
11 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი გამოიძახა მას შემდეგ, რაც ელჩმა მმართველი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ამჟამად ამავე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი “ოლიგარქად” მოიხსენია. სორენსენმა ივანიშვილს ოლიგარქი დაუძახა 10 იანვარს დანიურ ჟურნალ Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, დანიის ელჩი უწყებამ “გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით” გამოიძახა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პუბლიკაციაში წარმოდგენილი “ფაქტობრივი უზუსტობები და არაობიექტური შეფასებები” ხელს არ უწყობს საქართველოს მიმართ პოზიტიური შეფასების ჩამოყალიბებას. სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ “აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.”
“ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში,” – ნათქვამია საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაში. განცხადებაში ასევე წერია, რომ “საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან.”
პოლიტიკური გამოხმაურებები
თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ელჩის სიტყვებს “სიბინძურე” უწოდა. “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ დანიელი დიპლომატის განცხადება “უპასუხისმგებლო” და “თავხედური” იყო. ზარქუას თქმით, ელჩის განცხადებას ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონოდა – პოლარიზაციის გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა. მან ელჩს ბოდიშის მოხდა ურჩია.
“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პოლიტიკური აქტორები და დიპლომატიური წრეები უფრო და უფრო ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია. ბოკუჩავამ ისიც აღნიშნა, რომ ივანიშვილზე სანქციები მალე შეიძლება ვიხილოთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)