პრეზიდენტი ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა და მოუწოდა, „გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება“, რათა „უმოკლეს დროში გათავისუფლდეს“ ქართველი ექიმი – ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა“ და 9 ნოემბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზზე დააკავეს, მოგვიანებით კი, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პრეზიდენტის თქმით, „ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო“. თავის განცხადებაში, პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სთხოვს ზომების მიღებას, რათა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვითარება „გამოსწორდეს“.
- ევროკავშირის განცხადება ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან „დაძაბულობის ზრდის“ შესახებ
- ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები გამშვები პუნქტების დაუყოვნებლივ გახნას მოითხოვენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ადრესატები არიან: გაეროს გენერალურ მდივანი – ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში – როზმარი დიკარლო, ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი, ეუთოს თავმჯდომარე – მიროსლავ ლაიჩაკი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი – მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები: გაეროს წარმომადგენელი – ჯიჰან სულთანოღლუ, ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელი – რუდოლფ მიხალკა, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი – ტოივო კლაარი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარი – მიშელ ბაჩელეტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – დუნია მიატოვიჩი.
ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში აქცია გაიმართა. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა, რომელიც თავადაც ექიმია, აქციაზე განაცხადა: „მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ პირველ რიგში ვიწყებ ჩვენი ქვეყნიდან იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე – მიხედონ თავის უკანონოდ დაპატიმრებულ ექიმს, მოქალაქეს, პატრიოტს, რომელიც ზის ახლა ცხინვალის ციხეში“.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გაავრცელა. საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე“. ასოციაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავს, რომ „გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად“.
[box type=”info” align=”” class=”” width=””]ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი მოსაბრუნი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოძისი) და სინაგური (საჩხერის მუნიციპალიტეტი) 2019 წლი 4 სექტემბერს ჩაკეტა. საოკუპაციო რეჟიმი გამშვები პუნქტების გახსნას თავდაპირველად 6 სექტემბერს გეგმავდა, თუმცა შემდგომ ცხინვალმა განაცხადა, რომ გამშვები პუნქტები არ გაიხსნება, ვიდრე თბილისი არ გააუქმებს აგვისტოს ბოლოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან მოწყობილ ქართულ საპოლიციო საგუშაგოს.
სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგენლებმა აგვისტოს ბოლოდან შვიდი ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.
გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ჰუმანიტარული პრობლემები შეექმნა.
28 ოქტომბერს ცხინვალის საავადმყოფოში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელსაც თბილისის კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრეს. ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში კი, თბილისში გადაყვანაზე უარი ეთქვა ახალოგორის კიდევ ერთ მკვიდრს, თამარ გიგაურს, რომელმაც, ჭაში ჩავარდნის შედეგად, მძიმე მოტეხილობა მიიღო.[/box]
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)