skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის განცხადება ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან „დაძაბულობის ზრდის“ შესახებ

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა მაია კოჩიანჩიჩმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გასწრივ „დაძაბულობის ზრდა სრულებით მიუღებელია“, ისევე როგორც მიუღებელია „სამხრეთ ოსეთის მხრიდან ფაქტობრივად მცდარი განცხადებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ქმედებებისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რაც მხოლოდ ამწვავებს დაძაბულობას“.

„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და სიტუაციის ესკალაციის გამომწვევი ყველა შესაძლო ნაბიჯისა და განცხადებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა კოჩიანჩიჩმა და დასძინა, რომ „სანაცვლოდ, ინციდენტების პრევენციისა და გადაწყვეტილებების მოსანახად მუდმივად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ერგნეთში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები“.

განცხადების თანახმად, „სექტემბრის დასაწყისიდან დახურული გადაკვეთის პუნქტები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას. ყოველივე ეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და სხვა პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო გზას წარმოადგენს“.

კოჩიანჩიჩმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა, სიტუაციის დასასტაბილურებლად მიმდინარე მუშობაში საკვანძო როლს ასრულებს“. მისი თქმით, „მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე და მისი მანდატის შეზღუდვაზე მიმართული სამხრეთ ოსეთის მცდელობები, როგორც განცხადებების, ასევე ქმედების საშუალებით მიუღებელია და უნდა შეწყდეს“.

„ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სრულად ერთგულია და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button