ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები გამშვები პუნქტების დაუყოვნებლივ გახნას მოითხოვენ

Tags

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების „დაუყოვნებლივ გახსნას“ მოითხოვენ, რომლებიც ცხინვალის გადაწყვეტილებით, სექტემბრის დასაწყისში, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოების მოწყობით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე დაიხურა. 

6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, თანათავმჯდომარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ თვეებში „ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შიშს იწვევს“. მათივე თქმით, „გამშვები პუნქტების მიმდინარე დახურვა კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას, რასაც მოწმობს უკანასკნელ ხანს მომხდარი, სამედიცინო დახმარების გაწევასთან დაკავშირებული შემთხვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის მძიმე შედეგები მოაქვს“.  

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები „მიესალმებიან“  ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმში (IPRM) ჩართული ყველა მონაწილის მხრიდან გამოხატულ „წუხილსა და მზადყოფნას ადგილზე ვითარების დეესკალაციისათვის“.

„მართალია უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარების გამო წუხილები ყველასთვის საერთოა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს პროპორციული და ითვალისწინებდეს ჰუმანიტარულ ასპექტებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „თანათავმჯდომარეები და მათი ორგანიზაციები აქტიურად ჩართულნი რჩებიან ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიმდინარე პრობლემების მოგვარების ხელშეწყობაში“. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი მოსაბრუნი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოძისი) და სინაგური (საჩხერის მუნიციპალიტეტი) 2019 წლი 4 სექტემბერს ჩაკეტა. საოკუპაციო რეჟიმი გამშვები პუნქტების გახსნას თავდაპირველად 6 სექტემბერს გეგმავდა, თუმცა შემდგომ ცხინვალმა განაცხადა, რომ გამშვები პუნქტები არ გაიხსნება, ვიდრე თბილისი არ გააუქმებს აგვისტოს ბოლოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან მოწყობილ ქართულ საპოლიციო საგუშაგოს.

სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგენლებმა აგვისტოს ბოლოდან ექვსი ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.

გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ჰუმანიტარული პრობლემები შეექმნა.

28 ოქტომბერს ცხინვალის საავადმყოფოში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთის მკვიდრი მარტო მარტიაშვილი, რომელსაც თბილისის კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრეს. ამჟამად კი, თბილისში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან ახალოგორის კიდევ ერთ მკვიდრს, თამარ გიგაურს, რომელიც ჭაში ჩავარდნის შედეგად მიღებული მოტეხილობით ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button