ახალი ამბები

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტზე კენჭისყრა მეორედ გადაიდო

Tags

ორდღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორედ გადადო კენჭისყრა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.

დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებას პირველი მოსმენით კენჭს 14 ნოემბერს უყრიან. კანონპროექტის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უქმდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. ამასთან, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა არ ექნებათ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პირველი დღე

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა პარლამენტმა 12 ნოემბერს დაიწყო. სასესიო მოსმენა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ქართული ოცნების წევრები ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს ეკლესიასა და პატრიარქზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებდნენ, რომ საკითხის განხილვის გაჭიანურების მიზნით, ქართული ოცნების დეპუტატები დარბაზში დაძაბულობას ხელოვნურად ქმნიდნენ და ამბობდნენ, რომ უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისთვის ემზადებოდა.

გუშინ, დღის მეორე ნახევარში, უკვე ნათელი გახდა, რომ ოპოზიციის ეჭვი უსაფუძვლო არ იყო. ქართული ოცნების მცხეთის მაჟორიატარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან მიმართებით მას კითხვის ნიშნები ჰქონდა და უმრავლესობის სხდომის ფორმატში საკითხის კიდევ ერთხელ განხილვა მოითხოვა.

მსგავსი პოზიცია ოცნების კიდევ ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმაც დააფიქსირა. მან განმარტა, რომ საკითხთან მიმართებით უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო და მაჟორიტარების ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ უჭერდა.

საკითხის გარშემო გუნდში არსებული წინააღმდეგობა ოცნების სხვა დეპუტატებმაც დაადასტურეს, თუმცა იქვე განმარტეს, რომ მმართველი გუნდი პირობის ერთგული რჩებოდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერდა. საბოლოოდ, პარლამენტმა საკითხზე კენჭისყრა ერთი დღით, 13 ნოემბრამდე გადადო.

გუშინ, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ოპოზიციის მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტიც განიხილა, რომელიც მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტისგან განსხვავებით, 3%-იან ბარიერს და ბლოკების შექმნასაც ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი დეპუტატებს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ წარუდგინა. კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა. მას მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55 წინააღმდეგი იყო. ცვლილების დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

საპარლამენტო სხდომის პარალელურად, გუშინ საღამოს 8 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობამ „ქვეყნის სამსახურში“ პრევენციული ხასიათის აქციაც გამართეს სახელწოდებით – „არ გაბედო ჩაგდება!“.

აქციის ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ისინი ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ჩვეული „ტრიუკის“ მოწყობისა და საზოგადოებისთვის მიცემული პირობის დარღვევის საშუალებას არ მისცემდნენ და სამოქალაქო საზოგადეობა მისი უმთავრესი მონაპოვრის – „პროპორციული არჩევნების ჩაგდებას“ არ დაუშვებდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მეორე დღე

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა პარლამენტში დღეს კვლავ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა.

დღეს, საპარლამენტო განხილვებს წინ, ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომაზე ოცნების დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ, ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი კანონპროექტის „ჩასაგდებად“ ემზადებოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმაც ისაუბრა და თქვა, რომ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარს „უმრავლესობის ურავლესობა“ უჭერდა და გუნდი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ კანონპროექტი არ ჩავარდნილიყო.

კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრის შემდეგ, ოპონენტების კრიტიკას დაუთმო საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთმა თანაავტორმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს „ბერბიჭაშვილები“, „ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრები“ უწოდა და უთხრა, რომ მათ „წარსულს ჩააბარებს“. მანვე ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო გადატრიალებაშიც დაადანაშაულა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მის ყოფილ თანაგუნდელებსაც მიაყენა.

თავის მხრივ, ქართული ოცნების კრიტიკას დაუთმეს სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი უმრავლესობის წევრებს მათ მიერვე საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულებისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

საკითხის განხილვისა და ცალკეული დეპუტატების გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ საკითხზე კენჭისყრის 14 ნოემბრამდე გადატანა მოითხოვა და ამაში მხარდაჭერა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც სთხოვა. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტის თავმჯდომარესთან რამდენიმეწუთიანი კონსულტაციის შემდეგ, პარალმენტის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრა ხვალამდე გადადო.

საკონსტიტუციო ცვლილებას დეპუტატები კენჭს ხვალ, დღის თორმეტ საათზე უყრიან. მანამდე კი, ქართული ოცნების ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებს შორის კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართება. 

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციები 

საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა დღევანდელი პლენარული სხდომაც. დაპირებისამებრ, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლები პარლამენტთან დღის 12 საათზე შეიკრიბნენ, შეძახილებითა და ტრანსფარანტებით – „არ გაბედო ჩაგდება“ – დეპუტატებს ერთგვარი სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და კანონმდებლებისგან დანაპირების შესრულება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ისინი უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემთხვევაში, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერისკენ დღეს პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ომბუდსმენმაც მოუწოდეს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რასაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაში გადადგამენ. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button