რესპუბლიკის ამბები

მიწათმოქმედების სამინისტრო თბილისის ბოტანიკური ბაღის აღდგენას გეგმავს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 12 ნოემბერი, N255

ბოტანიკური ბაღი

მიწათ-მოქმედების მინისტრის საბჭოს სხდომაზე ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ინჟინერმა ა. ხ. როლლოვმა მოხსენება გააკეთა ხსენებულ ბაღის მდგომარეობის შესახებ; რადგანაც ბაღის შესაკეთებლად დიდი ხანია, არ გადაუდვიათ თანხა, იქ ბევრი რამაა გაფუჭებული და დაძაბუნებული. ბაღის შენობების, წყალსადენის, ორანჟერეის და „პარნიკების“ შესაკეთებლად და აგრეთვე როგორც ბაღის, ისე მის განყოფილების წყალსადენის ქსელის გასაფართოებლათ საჭიროა მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღიძრას, რომ ამ მიზნით 482 500 მანეთი გადაიდოს.

საბჭომ მოისმინა რა ეს მოხსენება, წინადადება მისცა ბოტანიკურ ბაღის გამგეს ხარჯ აღრიცხვის ყოველი მუხლი დაწვრილებით დაასაბუთოს და ამის გარდა საბჭომ სურვილი გამოსთქვა, რომ ბოტანიკურ ბაღის გამგეობამ დაინტერესებულ დაწესებულებებს და საზოგადოებას – პრესის საშუალებით გააცნოს ბოტანიკური ბაღის მუშაობა, მისი მიზნები და მომავალ მუშაობის უახლოესი გეგმა. ბოტანიკურ ბაღის სამეცნიერო ძალების უახლოესი ნაბიჯები გადადგმული უნდა იქნეს საქართველოს ფლორის შესწავლისკენ და საბჭოს შემდეგ სხდომას დაწვრილებითი მოხსენება უნდა წარედგინოს საქართველოს მცენარეულობის შესავლის გეგმისა და ბოტანიკური ბაღის მოქმედების შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button