ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

Tags

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების ალტერნატიული პაკეტები განიხილა, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლას ითვალისწინებს.

ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორი კონსტიტუციური კანონპროექტი შეიმუშავეს. მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ოპოზიციის ინიციატივის მიხედვით კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 3%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. ამასთან, ქართული ოცნების ვერსიისგან განსხვავებით, ოპოზიციის პროექტი პარტიების ბლოკებად გაერთიანებასაც ითვალისწინებს.

საპარალემნტო უმავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო, ხოლო ოპოზიციის ინიცირებული  – ახალი მემარჯვენეების წევრმა, მამუკა კაციტაძემ.

დეპუტატებმა, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც, ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი კი ჩავარდა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხარდაჭერილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2019 წლის 24 ივნისს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 20 ივნისს თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მანამდეოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე 2020-დანვე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს 13 ივნისს, 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით წარუდგინეს. თუმცა მმართველ პარტიაშ მაშინ აცხადებდნენ, რომ მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო წესის გადახედვა არ იგეგმებოდა და ის არსებული შერეული – მაჟორიტარული და პროპორციული წესით ჩატარდებოდა. არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება კი, 2024 წლისთვის იგეგმებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button