Placeholder canvas
ახალი ამბები

ბათუმს ნატოს ორი სამხედრო ხომალდი სტუმრობს

ნატოს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) ორი სამხედრო ხომალდი 25 ოქტომბერს ბათუმის პორტში შევიდა.

ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც იტალიური საფლაგმანო გემი ITS Vesuvio და თურქული საზღვაო გამნაღველი ხომალდი TCG Amasra შედის, ნატოს SNMCMG2-ის სარდალი, ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

ალესანდრო ფალკონემ საქართველოს „ნატოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს SNMCMG2-ის ეკიპაჟები საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად იმოქმედებს „მათი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების“ და „ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესების“ მიზნით.

ფალკონემ თქვა, რომ გაიმართება სამდღიანი წვრთნა ზღვაზე, ასევე ჩატარდება სხვადასხვა თემატური სემინარი, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად,  კომუნიკაციაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რადგანაც „დიდწილად სწორედ კომუნიკაციაა ფარავს ნატოს ძალებთან თავსებადობის მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტებს“.

SNMCMG2 ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი, ნატოს საზღვაო ძალების ცენტრალურ სარდლობას წარმოადგენს.

SNMCMG2-ის საქართველოს უკვე მეხუთედ სტუმრობს. 2013 წელს ბათუმის პორტს სამი ხომალდი, 2016 და 2017 წლებში ოთხ-ოთხი, ხოლო 2018 წელს ხუთი ხომალდი ეწვია.

MARCOM-ის ინფორმაციით, ნატოს გემები შავ ზღვაში 21 ოქტომბერს სტანდარტული პატრულირების მიზნით, „ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავსებადობის და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“ შევიდნენ.

ამავე ინფორმაციით, შავ ზღვაში პატრულირებისას SNMCMG2 გეგმავს, ესტუმროს ნატოს პარტნიორებს ოდესასა (უკრაინა) და ბათუმში (საქართველოს), ასევე მოკავშირეთა პორტებს კონსტანცასა (რუმინეთი) და ტრაპიზონში (თურქეთი).

„უკრაინა და საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორები არიან, რომელთაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებში და საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი ძლიერი ერთგულების ნიშნად რეგულარულად მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებში“, – განაცხადა MARCOM-ის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურმა.

ნატოს ხომალდების ვიზიტამდე ბათუმის პორტს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78), მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, სტუმრობდა.

აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ შავ ზღვაზე საქართველოს პარტნიორების რეგულარული საპორტო სტუმრობები უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის უზრუნველყოფის წინაპირობაა.

საქართველოს სანაპირო დაცვის პრესსამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge-ს) უთხრა, რომ ნატოს ხომალდები ბათუმში შესაძლოა თვის ბოლომდე დარჩნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button