skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურის მოსმენა პარლამენტში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის ახლად დასახელებულმა კანდიდატმა მაკა ბოჭორიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ხედვა წარმოადგინა და განაცხადა, რომ საქართველო მზად იქნება ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანდეს. მან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან,  ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მოსმენაზე, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრებოდა, კანდიდატმა ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მის გამოსვლას მწვავე კითხვები არ მოჰყოლია.

„საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა სხდომაზე გამოსვლისას.

გასაკვირი არ არის, რომ ბოჭორიშვილის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რაც საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს. კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაყრდნობით, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას ეხება, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას, შესაბამისად, გამორჩეული პრიორიტეტი იქნება  ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობები“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რომ დღეს საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, „ეს უდიდესი მიღწევა ეფუძნება ჩვენი ქვეყნის მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ჩვენს თავდაუზოგავ ბრძოლას პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ურყევ ნებას“. აღნიშნა რა, რომ ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს „საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის“, მან განაცხადა: „თუკი  2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის  იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ევროკავიშირის წევრობისთვის“.

„მე იმედი მაქვს, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდგომ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ინტენსიურად ვიმუშაოთ ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან იმისათვის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, გადავდგათ წინ ნაბიჯები ევროკავშირის წევრობისკენ“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, „დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი და პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება“.

წინა მოწვევის პარლამენტში, მაკა ბოჭორიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალი დონეზე დაეცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სადავო კანონების, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების გამო. აღსანიშნავია, რომ მინისტრობის კანდიდატმა სამჯერ მისცა ხმა კანონს და ასევე მხარი დაუჭირა მხარი კანონზე პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას. იგი ასევე ცნობილია, როგორც ხელისუფლების სადავო ნაბიჯებისა და პოლიტიკის მგზნებარე დამცველი.

ბოჭორიშვილის თქმით, „საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, „განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება, თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ ახალი პლატფორმების ჩამოყალიბებასაც, ხელს შევუწყობთ რეგულარული კონსულტაციების, პოლიტიკური კონსულტაციების წარმოებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც ურყევად განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ დიპლომატიურ მხარდაჭერას.

ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებას და მხარდაჭერის გაძლიერებას“. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით“.

„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. „ჩვენი ამოცანაა, მიღწეულ იქნეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა ინტერესებით გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას“.

ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროაქტიული ჩართულობისა და ძირითად გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და მისი სუვერენიტეტის გაძლიერების მნიშვნელობას.

ბოჭორიშვილი პირობა დადო, რომ „„მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და დაემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს“.  

მინისტრობის კანდიდატმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მისი თქმით, თანამშრომლობა გაგრძელდება სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომლებიც უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ ინიციატივებში, და სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავების პირობა დადო.

მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად და დასძინა, რომ „გაგრძელდება მუშაობა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის სტრატეგიის და გეგმის მნიშვნელოვანი მონაწილე ქვეყნის პოზიციონირების განსამტკიცებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button