ახალი ამბები

ომბუდსმენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმართა უფლებების დარღვევაზე საუბრობს

Tags

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც სავარაუდოდ ოკუპირებული ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემა ჩანს, და განაცხადა, რომ ეს კადრები „კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეომასალა ასახავს 2 ოქტომბერს ცხინვალის იზოლატორსა და ციხეში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ადგილობრივი სპეცდანიშნულების რაზმი მოშიმშილე პატიმრებს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც რამდენიმე პატიმარმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრების შიმშილობა მოჰყვა ოკუპირებული რეგიონის „იუსტიციის სამინისტროს“ გადაწყვეტილებას, ცხინვალის საპატიმროში აემოქმედებინა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა, რომელიც პატიმრებისთვის დადგენილ რეჟიმს მნიშვნელოვნად ამკაცრებს, მათ შორის, ზღუდავს სეირნობის დროს, ამანათების მიღების სიხშირეს და მოცულობას.

ნინო ლომჯარიას თანახმად, „წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში“. ამის მაგალითად მას ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი მოჰყავს, რაც, მისი თქმით, სავარაუდოდ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში“, – აცხადებს ომბუდსმენი.

საქართველოს სახალხო დამცველი რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, „არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად“.

სახალხო დამცველი ასევე მოითხოვს, რომ ოკუპირებულ ტეროტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების საკითხზე მოლაპარაკებები გააქტიურდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button