ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგა

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 17 ოქტომბერს მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში ზალკალიანი ბოლოდროინდელ მოვლენებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერების და მისი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის მიზანი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის და მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

„ამ მიზნის მიღწევის გზად ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია მშვიდობიანი, კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკა, რაც არის უმთავრესი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, ეს კი არის პირდაპირი გზა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენისათვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება „საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში“ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს „დიდი გავლენა აქვს საქართველოზე“.

„სწორედ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ მოახერხა და სწორი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული უამრავი ცხელი წერტილისა, საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნა საქართველოს საკითხი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და მექანიზმს იყენებს რუსეთის ქმედებების მკაცრად დასაგმობად. „ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ახლა უმთავრესია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, რაც, როგორც თავად ხედავთ, ასეთი აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის,” – განაცხადა მან.

სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ

პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. მოგვიანებით მან იმავე თემაზე მმართველი პარტიის და ოპოზიციის დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.

„ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური“, – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს და განმარტა, რომ გადაწყვეტილება ლავროვთან შეხვედრის გამართვის შესახებ ქვეყნის პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ იქნა მიღებული, ქვეყანაში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ფონზე.

ზალკალიანის თქმით, ლავროვთან 30-წუთიანი შეხვედრის დროს მინისტრებმა მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებზე, ასევე რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვაზე იმსჯელეს. მინისტრის თქმით, შეხვედრამდე მას პირდაპირი კონსულტაციები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. მას შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა პირველი შეხვედრა 26 სექტემბერს გამართეს.

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას მიესალმნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button