ახალი ამბები

ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებს

Tags

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, 26 სექტემბერს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების – დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გაეროს გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში, ხელს შეუწყობს საქართველოს და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას. ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და, რა თქმა უნდა, მჭიდროდ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამიტომ, ჩვენ დღეს ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი, არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი“.

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი: „ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გადავდგამთ და ვთქვით და გავაცხადეთ არაერთხელ, რაც მოემსახურება საქართველოს უზენაეს სახელმწიფო ინტერესებს, იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად და ომის გარეშე. ყველა ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის მისაღები. ამ შემთხვევაში, ორი რამ გამოიკვეთა, პირველი – რომ, თავისთავად, საუბარი იმ ფორმატებშიც და თუნდაც ასე გაეროში, რომელიც აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკაა, მისაღებია, ჩვენ არსად გავურბივართ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი დიალოგისა და საუბრისათვის, ამას ვაკეთებთ ჟენევაში თუნდაც, რომ მოგვარდეს პრობლემები და მეორე – ჩვენ ვიცით, როდესაც ვსაუბრობთ, რა საკითხებზე ვსაუბრობთ და რისთვის ვსაუბრობთ. ეს საკითხები იყო ზუსტად განხილული საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან“.

გიორგი ვოლსკი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „წინაპირობა ამ შეხვედრის არის დაძაბული ვითარება, რომელიც შეიქმნა საოკუპაციო ხაზთან და ამ შემთხვევაში, ადრეც მითქვამს და აქ ორი გზაა, ერთი არის შეიარაღებული დაპირისპირება, თავდაცვა შეტევაზე გადასვლით და მეორე არის მოლაპარაკების გზა, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები უჭერენ მხარს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება სწორად მიაჩნიათ საქართველოსათვის, თავადაც დაინტერესებულები არიან იმაში, რომ სამხრეთ კავკასიაში არ გაჩნდეს კიდევ ერთი ცხელი წერტილი და იმ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები, რომელიც წარმოადგენს მათ დასაყრდენს ამ რეგიონში“.

ოპოზიციის შეფასება

ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ჩამოვა თუ არა ბატონი ზალკალიანი, ჩვენ დავიბარებთ მას საქართველოს პარლამენტში. ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებს მიღმა, ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე შეხვედრა შედგა ლავროვსა და ზალკალიანს შორის. რუსეთის ფედერაცია უკვე წლებია, ცდილობს, რომ დაანგრიოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, იმიტომ, რომ მათ ეს არ აწყობთ და არ მგონია, რომ ზალკალიანისა და ბატონი ლავროვის პირისპირ შეხვედრა დამთავრდეს ჩვენი დიპლომატიური წარმატებით“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ივანიშვილის გუნდი არ არის იმ ფორმაში, რომ რაიმე ხედვა ჰქონდეს საერთოდ ამ პრობლემასთან, ყველაზე მთავარ პრობლემასთან – რუსულ აგრესიასთან. როგორ უნდა გაუმკლავდეს და რეალურად, პირიქით, თავისი პოლიტიკით აძლიერებს პუტინის პოზიციებს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც საქართველოსთან მიმართებით და სპეციფიკურადაც – საგარეო საქმეთა მინისტრის ფიგურა არასერიოზული ფიგურაა, იმიტომ, რომ პოლიტიკური წონა ნული აქვს და ამიტომ, ბუნებრივია, სკეპტიკური ვარ“.

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა: „კარგია, რომ [შეხვედრა] შედგა. არ ვიცი, შეიძლება, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საარჩევნო წელია… სანამ ვითომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას უცხოელებმა არ უთხრეს პირდაპირ, გახსნილად, რომ მოლაპარაკება აუცილებელიაო, მანამდე არ უნდა მიმხვდარიყო დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება? მე არ ვლაპარაკობდი ჰაერიდან, მე საკმაო გამოცდილება და კონტაქტები მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ყველა შეხვედრაზე, წლების განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო“.

შალვა ნათელაშვილი – ლებორისტული პარტია: „აღნიშნული შეხვედრა პირდაპირ დაევალა კრემლის სატელიტ, ახლადდანიშნულ, ახალგაზრდების თვალების დამთხრელ გახარიას მოსკოვიდან, კრემილიდან და დღის წესრიგი შედგენილი იყო მოსკოვის პირობებით. პირველი – ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. მეორე – სახმელეთო-სარკინიგზო გზების გახსნა აფხაზეთის გავლით და, მათ შორის, სახმელეთო ცხინვალის გავლით სომხეთისა და ირანის მიმართულებით, რაც სტრატეგიული ინტერესია არამარტო რუსეთის არამედ მისი ახლადშეძენილი სტრატეგიული მოკავშირეების ირანისა და თურქეთის“.

ადა მარშანია – პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მრავალი წელია. არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ ძალიან სერიოზულად გავიაზროთ რა მდგომარეობაშია ეს საკითხი, რადგან ჩვენ ვაცხადებთ, რომ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, ამის გარეშე ვერ დაიძვრება ეს საკითხი. თავად ფაქტს მივესალმებით. ჩვენ, ცხადია, გვაინტერესებს საუბრის შინაარსი და მე იმედი მაქვს, საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტში, ჩვენ შევიტყობთ რაზე იყო საუბარი ლავროვსა და ზალკალიანს შორის“.

რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელები – სერგეი ლავროვი და დავით ზალკალიანი ერთმანეთს 26 სექტემებრს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტიდან დღემდე, ეს ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო. შეხვედრა შვეიცარიის მხარის ორგანიზებით შედგა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button