skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების – დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მხარეებს განეხილათ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო – რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირება და ამ დაძაბულობის გავლენა მოქალაქეების ცხოვრებაზე“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის მაია კოჩიანჩიჩის 26 სექტემბრის განცხადებაში.

„დიალოგის წარმართვა უმნიშვნელოვანესია უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, რასაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს. პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქმედი მხარე კონსტრუქციულად ჩაერთოს საქართველოში კონფლიქტის მიერ დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ თვალსაზრისით, არსებითია, რომ მათი უფლებები, გადაადგილების თავისუფლების ჩათვლით, სრულად იყოს დაცული“.

განცხადებაში კოჩიანჩიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

26 სექტემებრს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელების – სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტიდან დღემდე, ეს ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო. შეხვედრა შვეიცარიის მხარის ორგანიზებით შედგა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button