რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მთავრობა კულტურულ დაწესებულებებსა და ღონისძიებებს დააფინანსებს

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 17 ოქტომბერი, N234

მთავრობაში

10 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე დაადგინეს:

საქართველოს მუზეუმის შესახებ

საქართველოს მუზეუმის შესაკეთებლათ გაღებული იქნას 5 600 000 მანეთი. ამ სახის დეკრეტი წარედგინოს დამფუძნებელ კრებას განათლების მინისტრის მიერ.

 ეროვნული გალერეა

გადაიდოს განათლების მინისტრის განკარგულებით 26 800 მანეთი 10 მილიონიანი ფონდიდან „დიდების ტაძრის“ ეროვნულ გალერეათ გადასაკეთებლად. მიეცეს განათლების სამინისტროს უფლება იყოლიოს ხსენებულ შენობაში 1 დარაჯი, რომლის შესანახი ხარჯებიც 875 მანეთი გადადებული იქნეს 10 მილიონიანი ფონდიდან.

იაფფასიანი წარმოდგენები სახელმწიფო თეატრში

სახელმწიფო თეატრში გაიმართოს კვირაში ერთი წარმოდგენა დაკლებულ ფასებში (თანახმათ განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილ ნუსხისა), რათა საშუალება მიეცეს მუშებსა, სახელმწიფო მოხელეებსა და სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს წარმოდგენებს დაესწრონ.

გადაიდოს განათლების მინისტრის განკარგულებაში 31 853  მანეთი 10 მილიონიანი ფონდიდან აღნიშნულ იაფ ფასიან წარმოდგენების გამართვით გამოწვეული სახელმწიფო თეატრის დეფიციტის დასაფარავათ.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button