ახალი ამბები

ეროვნულ მუზეუმს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ნინო მაჭარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ წარმოებული სამართლებრივი დავა მოიგო.

სასამართლოში მაჭარაშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანიის Justice League-ის ხელმძღვანელმა, დიტო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მაჭარაშვილის სარჩელის დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა, გათავისუფლების ბრძანება, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიცა, ცნობილ იქნა უკანონოდ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ასევე განაცდურის გადახდა „გადაწყვეტილების აღსრულებამდე“.

სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა განაცხადა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და „მის მიერ ოკუპირებული მუზეუმის ზონდერმა მმართველებმა“ უკვე მეთორმეტე სასამართლო პროცესი წააგეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ. „სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს“, – განაცხადა პროფკავშირმა.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 2022 წელს ეროვნული მუზეუმიდან ასამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს და მათ დიდ ნაწილს მუზეუმის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვს დაწყებული.

ეროვნულ მუზეუმს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის მსახურობის პერიოდში სისტემიდან თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლებების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button