skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ თიბისი ბანკის საქმეზე ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის საქმეზე 2018 წლის აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში „დახმარების ფაქტზე“ ბრალი „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამას ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს წარუდგინა.

უწყებაში 22 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარებს. ავთანდილ წერეთელი ბრალის დადგენილების წარდგენის მიზნით, პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. ამის შემდეგ საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

მამისთვის ბრალის წარდგენას „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა, პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეს „აბსურდული“ უწოდა და ხელისუფლებას მისთვის „ყველაზე ძვირფასი ადამიანით შანტაჟში“ დასდო ბრალი და პროცესი ხელისუფლების მხრიდან „ტელეკომპანია პირველის“ გაჩუმების მცდელობად შეაფასა.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში“, – წერს იგი.

ვატო წერეთლის თქმით, ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ არის, ქვეყანაში 29 აგვისტოს დაბრუნდება და იგი მზად არის, რომ პროკურატურაში დაბრუნებისთანავე გამოცხადდეს. დღეს, ბრალის დადგენილებას ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი ჩაიბარებს.

„ტელეკომპანია პირველთან“ კომენტარი ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმაც გააკეთა. წერეთლის მოლოდინით, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, ბრალი დაუსაბუთებელი იქნება.

დღესვე, გენერალურ პროკურატურაში ბრალის დაზუსტების მიზნით, თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც დაიბარეს.

პროკურატურამ თიბისი ბანკის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყო. გამოძიება მათ ფულის გათეთრებას ედავება.

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის 24 ივლისს, საქმის აღძვრიდან თითქმის ერთი წლის თავზე ოფიციალურად წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა. 21 აგვისტოს პროკურატურამ მათი ანგარიშები დააყადაღა.

თიბისი ბანკის საქმეზე დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button