skip to content
რესპუბლიკა 100

პირველი რესპუბლიკის თბილისის 20 ექიმი, რომელიც ვენერიულ სნეულებებს კურნავდა

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ანუ როგორც უწინ იტყოდნენ ვენერიული სნეულებანი, იმდენ ხანს ითვლის, რამდენსაც თავად კაცობრიობა. მეოცე საუკუნის დასაწყისში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, განსაკუთრებით კი სიფილისი სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა.

ხანგრძლივი ძიების შემდეგ, დაავადებათა, განსაკუთრებით სიფილისის, მკურნალობაში განსაკუთრებული გარდატეხა მოახდინა გერმანელი მეცნიერის ერლიხის მიერ 1909 წელს პრეპარატ „606“-ისა და მოგვიანებით პრეპარატ „914“-ის გამოგონებამ. ერლიხის გამოგონებული პრეპარატები, რომლებიც დარიშხანს შეიცავდა, ვენაში გაშვებით სიფილისს კურნავდა. სალვარსანმა – 606-მა და ნეო-სალვარსანმა – 914-მა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ალბათ, რეპუტაციაც იხსნა.

თუმცა, ამის მიუხედავად, პირველმა მსოფლიო ომმა კიდევ უფრო ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა ვენერიულ დაავადებათა გავრცელებას. ამ მხრივ რთულ მდგომარეობაში იყვნენ ფრანგი, გერმანელი, ბრიტანელი თუ ამერიკელი ჯარისკაცები. მათი მთავრობების მოწადინების მიუხედავად, გონორეას თუ სიფილისის გავრცელების შეწყვეტას ბოლო არ უჩანდა. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო რუსულ არმიაში. რუსეთში რომ ამ მხრივ მძიმე მდგომარეობა იყო ისიც მოწმობს, რომ მაგალითად საბჭოთა რუსეთის არსებობის პირველ წლებში სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა ეპიდემიის სახე მიიღო.

ცხადია, ამ დაავადებათაგან დაზღვეული საქართველოც არ ყოფილა. პირველი რესპუბლიკის წლებში (ბუნებრივია, მანამდეც და მერეც) სქესობრივად გადამდები ინფექციები მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ პირველი რესპუბლიკის პრესაში, როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებშიც, ხშირად წააწყდებოდით რეკლამა-განცხადებებს იმ საავადმყოფოების თუ ექიმებისას, რომლებიც სიფილისს, გონორეას, თუ სხვა ინფექციებს მკურნალობდნენ.

მაშ ასე, „რესპუბლიკა-100“ იმ 20 ექიმსა და საავადმყოფოს გაგაცნობთ, სადაც პირველი რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში (თუ ტფილისში, როგორც მაშინ უწოდებდნენ) კანისა და ვენერიულ დაავადებებს მკურნალობდნენ.

  1. ექიმი კეკელია მიხაილოვის პროსპექტზე

ალექსანდრე დავითის ძე კეკელია კანისა და ვენერიულ სნეულებებს მიხაილოვზე, დღევანდელ დავით აღმაშენებლის გამზირზე გიმკურნალებდათ. ექიმი კეკელია ავადმყოფებს სიფილისის მკურნალობას სთავაზობდა მაშინ გავრცელებული „606“ „914“ შეშხაპუნების მეთოდით.

2. ექიმი მძინარიშვილი ასევე მიხაილოვზე

ექიმი მძინარიშვილიც ექიმ კეკელიას მსგავსად „606“ და „914“ შეშხაპუნებით კურნავდა სიფილისის პაციენტებს. მასთან სამკურნალოდ მისვლა დღევანდელი მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის კვეთაზე შეგეძლებოდათ.

ექიმ მძინარიშვილთან მკურნალობა 50 მანეთი ღირებულა. ღარიბებს იგი უფასოდ მკურნალობდა.

3. ექიმი აქსელოსი პუშკინზე

ქალაქის შუაგულში, პუშკინის ქუჩის 3 ნომერში ვენერიულ ავამდყოფობებზე გიმკურნალებდათ მედიცინის დოქტორი აქსელოსი. იგი პაციენტებს კლაუზნერის მეთოდით სისხლის ანალიზსაც სთავაზობდა.

4. ექიმი შაფრანი ოლღას (დღევანდელი კოსტავას) ქუჩაზე

ვერაზე, ოლღას ქუჩაზე, რომელსაც დღეს კოსტავას ქუჩა ეწოდება, სიფილისს, ტრიპერს (გონორეას) და სხვა დაავადებებს მკურნალობდა ექიმი შაფრანი. აღსანიშნავია, რომ მას ცალკე საათები ჰქონდა გამოყოფილი ქალი პაციენტებისათვის. ჩვეულებრივ, მამაკაცებს დღეში 7 საათს, ხოლო ქალებს 1 საათს უთმობდა. შეგვიძლია აქედან ვივარაუდოთ, რომ იმ ხანად ქალებში სიფილისი ნაკლებად იყო გავრცელებული?

5. შიშლო-საბაშვილი მიხეილის პროსპექტზე

ექიმი რაისა ბორისის ასული შიშლო-საბაშვილი, ჟენევის უნივერსიტეტში განსწავლული ქალი, არამხოლოდ უბრალოდ ვენერიულ დაავადებებს კურნავდა, არამედ საბებიო დარიგებასაც იძლეოდა. შიშლო მიხეილის პროსპექტზე, დღევანდელ აღმაშენებელზე იღებდა პაციენტებს.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ შიშლო-საბაშვილი 1867 წ. პოლონეთში დაიბადა. სიცოცხლე კი ბათუმში დაასრულა, სადაც სტალინურ რეპრესიებს შეეწირა. 70 წლის ექიმი 1937 წელს ასობით აჭარელ ქართველთან ერთად დახვრიტეს.

6. ექიმი ტყეშელაშვილი მიხეილის პროსპექტზე

ვენერიულ სნეულებებს კურნავდა ექიმი ტყეშელაშვილიც. იგი პაციენტებს ღებულობდა მიხეილის კერძო სამკურნალოშიც, მიხეილის პროსპექტის 167 ნომერში.

თუმცა ტყეშელაშვილი დღევანდელი აღმაშენებლისა და კიევის ქუჩების კვეთაზეც (კიევის ქუჩას მაშინ ბელგიის ქუჩა ერქვა) იღებდა პაციენტებს სხვადასხვა ვენერიული დაავადების სამკურნალოდ.

7. კერძო სამკურნალო მიხეილის კინოთეატრ „აპოლოსთან“

„606“ და „914“ შეშხაპუნებას მიხეილის პროსპექტზე 141 ნომერშიც სთავაზობდნენ თფილისელებს.

8. ექიმი იოსებ ცინცაძე მიხეილის N121-ში

მიხეილის ქუჩაზე ღებულობდა ავენერიულ ავადმყოფებს ექიმი იოსებ ცინცაძეც. პაციენტებს მასთან დაკავშირება ქალაქის ტელეფონზეც შეეძლოთ, ნომრით 11-06.

9. ექიმი დიმიტრი ჟორდანია დიდუბეში

დიდუბეში, გორის ქუჩის N6-ში ვენერიულ დაავადებებზე პაციენტებს იღებდა ექიმი დიმიტრი ჟორდანია. იგი კურნავდა გონორეას, სიფილისს ა და საშარდე მილის სივიწროვეს. „606“ და „914“ შეშხაპუნებას ექიმი ჟორდანიაც სთავაზებდა სიფილისით დასნეულებულთ.

10. ექიმი ნავასარდიანი ვორონცოვზე

მაშინდელ ვორონცოვის (დღევანდელი ზაარბრიუკენის) მოედანზე ექიმ ნავასარდიანის კერძო სამკურნალოში თავად ნავასარდიანი სთავაზობდა პაციენტებს ვენერიულ ავადმყოფობათა მკურნალობას. სიფილისის მოსარჩენად ნავასარდიანიც „606“ და „914“ შეშხაპუნებას მიმართავდა.

სხვათა შორის, აღსანიშნავი ამბავია, რომ სამკურნალოში „ხელმოკლეთათვის რჩევა-დარიგება“ უფასო იყო.

11. ექიმი ბერიშვილი სასტუმრო „ნოესთან“ („ვეტცელთან“)

პლეხანოვზე, სასტუმრო „ნოესთან“ („ვეტცელთან“) ახლოს (დღევანდელი აღმაშენებლის გამზირისა და ზურაბ ჭავჭავაძეს ქუჩის კვეთა) ვენერიულ ავადმყოფთ იღებდა ექიმი ბერიშვილი. ბერიშვილს ქალებისათვის 1 საათი ჰქონდა გამოყოფილი. ისიც აღსანიშნავია, რომ ექიმი ბერიშვილი კვირა დილითაც მუშაობდა ხოლმე.

12. ექიმი მურადოვი სოლოლაკში

სოლოლაკში, მაშინდელ რტიშჩევის (დღევანდელი პაოლო იაშვილის) ქუჩაზე კანისა და ვენერიულ ავადმყოფთ იღებდა მედიცინის დოქტორი მურადოვი. ექიმს ქალაქის ტელეფონზე ნომრით 711 დაუკავშირდებოდით.

13. ექიმი რეზო მაჩაბელი ზემელზე

ზემელზე, მაშინდელ მოსკოვის ქუჩაზე (დღევანდელ ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე) კანისა და ვენერიული სნეულებებით დაავადმყოფებულებს, მათ შორის, სიფილისისა და გონორეას პაციენტებს, იღებდა ექიმი რეზო მაჩაბელი. მაჩაბელს მამაკაცებისათვის დღეში 4, ქალებისთვის კი 1 საათი ჰქონდა გამოყოფილი.

14. ექიმი ჯავრიშვილი ზემელზე

ზემელზე, მელიკ-აზარიანცის სახლში კანის, ვენერიულ და საშარდო ორგანოთა სნეულებებს კურნავდა ექიმი ჯავრიშვილი. ექიმი ჯავრიშვილი დილით 8-ზე იწყებდა თურმე მუშაობას.

15. ექიმი კალანდაძე ზემელზე

ზემელზე, მოსკოვისა და გუნიბის ქუჩების კუთხეში (დღევანდელი ძმები კაკაბაძეებისა და ბარნოვის) ვენერიულ და საშარდე სნეულებებით ავადმყოფებს ღებულობდა ექიმი კალანდაძე. ექიმს ტელეფონით ნომერზე 18-95 დაუკავშირდებოდნენ მაშინდელი ტფილისელები.

16. ექიმი ჭეიშვილი დიდი მთავრის ქუჩაზე

დიდი მთავრის (დღევანდელი უზნაძის) ქუჩაზე სიფილისსა და გონორეას (ტრიპერს) მკურნალობდა ექიმი ჭეიშვილი.

17. ექიმი ტერ-ოვაკუმოვი ვარანცოვზე

ვარანცოვის (ახლანდელი ზაარბრიუკენის) მოედნის სიახლოვეს, მიხეილის 23-ში სიფილისს, ტრიპერს (გონორეას) და კანის ავადმყოფობებს მკურნალობდა ექიმი ტერ-ოვაკუმოვი. ტერ-ოვაკუმოვი კაცებს დღეში ოთხ, ქალებს კი ერთ საათს უთმობდა.

18. ექიმი ვართანოვი ვაგზალზე

ჩღურეთში, სურამის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურთან ახლოს, ვენერიულ სნეულებებს კურნავდა ექიმი ვართანოვი. ისიც დილის 8-ზე იწყებდა მუშაობას. აღსანიშნავი ამბავია, რომ ექიმი ვართანოვი ღარიბებს უფასოდ მკურნალობდა.

19. ექიმი ხანდამოვი კადეტთა კორპუსთან ახლოს

ყოფილ კადეტთა კორპუსთან (დღევანდელი MOMA), საპიორის ქუჩაზე (დღევანდელი თაბუკაშვილის) კანისა და ვენერიულ დაავადებებს კურნავდა ექიმი ხანდამოვი. ხანდამოვიც „606“ და „914“ შეშხაპუნებას სთავაზობდა სიფილისის სამკურნალოდ პაციენტებს.

20. ექიმი ტერტერიანი ვარანცოვზე

კოსმოპოლიტურ თბილისში, სადაც პრესა რამდენიმე ენაზე გამოიცემოდა, გვხვდებოდნენ ისეთი ექიმებიც, რომლებიც რეკლამას ქართულენოვან გამოცემებში არ ათავსებდნენ. 1918 წლის ზაფხულში რუსულენოვან გაზეთში „ბორბა“ ნახავდით ექიმ ტერტერიანის განცხადებას. მას ვარანცოვზე, დღევანდელ ზაარბრიუკენის მოედანთან ახლოს ჰქონდა მოწყობილი სამკურნალო კაბინეტი. ტერტერიანი სიფილისის, გონორეას და სხვა ავადმყოფათა მკურნალობას სთავაზობდა პაციენტებს.

შეჯამების მაგიერ

ჯერ კიდევ პირველ რესპუბლიკამდე, 1917 წლის იანვარში რეკლამა გაზეთში „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ სუსუნატი (იგივე გონორეა) – „კაცობრიობის მტერი დამარცხებულია“. თბილისის გაზეთები აჭრელებული იყო გონორეას დამმარცხებელი წამლების „გონოზანისა“ და „რეზუროლინის“ რეკლამებით, რომლებიც მხსნელად მოევლინა „გაარჯლებული და ქრონიკული სუსუნატით“ დაავადმყოფებულთ სწრაფად კურნავდა.

პირველი რესპუბლიკისდროინდელი ქართულით თუ ვიტყვით, „საჭიროა ჯეროვანი ყურადღება მიექცეს“ ჩვენი ქვეყნის საინტერესო წარსულის ამ ასპექტსაც.

მსგავსი/Related

Back to top button