skip to content
რესპუბლიკის ამბები

თფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტთა მიღებას 1919-20 სასწავლო წლისათვის

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 24 ივლისი, N162.

თფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა საყოველთაოთ აცხადებს, რომ მომავალი აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა ჩარიცხვა შეიძლება სამს ფაკულტეტზე: სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო – საბუნებისმეტყველო (სააგრონომიო დარგითურთ) და საექიმოზე.

აღნიშნულ ფაკულტეტზე მიიღებიან ყველა ის პირნი, განურჩევლათ სქესისა, რომელთაც კურსი დაუსრულებიათ ერთ-ერთ უმაღლეს ან საშუალო სასწავლებლებში. ვისაც სტუდენტათ ჩარიცხვა სურს, ვალდებულია წარმოადგინოს არა უგვიანეს მარიამობისთვის გასულისა: 1) თხოვნა, რომელშიაც აღნიშნული იქნება – რომელ ფაკულტეტზე უნდა მას ჩაწერა, 2) სიმწიფის მოწმობა, 3) მოწმობა დაბადებისა და 4) ასი მანეთი.

სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პირველ სემესტრზე სტუდენტებს მიიღებენ საზოგადო წესით.

სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველს სემესტრზე ამ პირთ, რომელთაც ქალთა გიმნაზიებში მხოლოდ შვიდი კლასი აქვთ გათავებული, სტუდენტათ მაშინ მიიღებენ, თუ მათემატიკიდან და ფიზიკიდან მატ დამატებითი გამოცდები ექნებათ ჩაბარებული ვაჟთა გიმნაზიის პროგრამით. ვინაიდან ეს ფაკულტეტი სამს განყოფილებას შეიცავს: სამათემატიკოს, საბუნებისმეტყველოს და სააგრონომიოს. თხოვნაში აღნიშნული უნდა იყოს, რომელ განყოფილებაზე სურს მთხოვნელს ჩარიცხვა.

საექიმო ფაკულტეტი სტუდენტებს ღებულობს პირველ, მესამე და მეხუთე სემესტრზე.

პირველ სემესტრზე მიიღებიან როგორც ნამდვილ სტუდენტებათ ისე თავისუფალ მსმენელებათ. თუ რომელიმე ნამდვილ სტუდენტთაგან ლათინური ენა არ უსწავლია, ვალდებული იქნება პირველი წლის განმავლობაში გამოცდა ჩააბაროს ამ საგანში. თავისუფალ მსმენელათ მიიღებიან იმ პირთ, რომელთაც საშუალო სასწავლებლის ექვსი კლასი აქვთ გათავებული; მათი ნამდვილ სტუდენტათ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისინი პირველი ორი წლის განმავლობაში სიმწიფის მოწმობას წარმოადგენენ.

მესამე სემესტრზე მიღებისათვის საჭიროა სტუდენტებს ჩაბარებული ჰქონდეთ პირველი ორი სემესტრის საგნები, ხოლო მეხუთე სემესტრზე მიღებისათვის – პირველი ოთხი სემესტრისა.

ჩაბარებული საგნების შესახებ ყოველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სათანადო მოწმობა; თუ რომელიმე საგანი ჩაუბარებელი აქვს სტუდენტს, ვალდებულია ჩააბაროს ეს საგანი უნივერსიტეტში არა უგვიანეს ენკენისთვის ბოლო რიცხვებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დატოვებული იქნება წინა სემესტრზე.

1-13 სექტემბრამდის მოხდება სტუდენტების ჩაწერა, ხოლო 15 სექტემბრიდან დაიწყება ლექციების კითხვა.

მსგავსი/Related

Back to top button