ახალი ამბები

20-21 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის შსს-მ კიდევ სამი პირი დააკა

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის“ კიდევ სამი პირი დააკავეს.

შსს-ს მიერ 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული პირები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ, სხვადასხვა საგნის გამოყენებით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, მათ წინააღმდეგობას უწევდნენ და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

სამინისტროს ცნობით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, 17 ივლისის მდგომარეობით, პასუხისგებაში ჯამში 12 პირია მიცემული. მათ შორისაა დეპუტატი ნიკა მელია, რომელსაც ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედება.

სამინისტროს განმარტებით, უწყება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს „ინტენსიურად აგრძელებს“ და მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

4 ივლისს საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას ამბოხების კვალიფიკაცია დაამატა და განმარტა, რომ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, „ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“.

ამასთან, პროკურატურაში გამოძიება 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზეც მიმდინარეობს. ამ დრომდე აღნიშნული ბრალდებით შსს-ს მხოლოდ ორი თანამშრომელია დაკავებული.

20-21 ივნისს საპროტესტო აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლის დროს, 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. აქციის რამდენიმე მონაწილემ მძიმე დაზიანებები მიიღო.

საპროტესტო აქციის დარბევაზე შს მინისტრის გიორგი გახარიასგან პასუხისმგებლობის აღებისა და მისი გადადგომის მოთხოვნით, აქციები ამ დრომდე გრძელდება. უკვე 28 დღეა, რაც დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად საღამოს შვიდ საათზე იგრიბებიან და გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button