Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

თფილისის მილიცია კლუბებსა და საჩაიეებში რეიდებს მართავს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 22 ივლისი, N160.

ამა წლის 16 ივლისს ქალაქ თფილისის სისხლის სამართლის მილიციის სამსახურების მიერ მამი-რიზდევის საჩაიეში, აბანოს ქუჩის N4, და მამედ-ალი კაფარ-ოღლის ბინაზე, აღმოჩენილი იქნა აზარტული თამაში ბანქოს და ბაიბურთის. ამასთანავე აქვე აღმოჩენილია მრავალი უბანდეროლო ბანქოს სათამაშო ქაღალდი და მათარები ბაიბურთის სათამაშოთ. დამნაშავენი მიცემული არიან პასუხისგებაში.

ამა წლის 16 ივლისს თფილისის სისხლის სამართლის მილიციის მიერ ალაზ ორჯ-ოღლის საჩაიეში, ბაქოს ქუჩა N5, აღმოჩენილი იქნა ბანქოს აზარტული თამაში. ამასთანავე აღმოჩენილი და წართმეული იქნა ბანდეროლ მოხსნილი სათამაშო ქაღალდები. დამნაშავენი პასუხისმგებლობაში არიან მიცემულნი.

ამა წლის 17 ივლისის თფილისის სისხლის სამართლის მილიციის მოსამსახურეთა მიერ ეგრეთ წოდებული „ჟოკეი-კლუბში“,  ფრეილინის ქუჩა N3, აღმოჩენილი იქნა არალეგალური აზარტული თამაშობები, დაჭერილი არიან კლუბის პატრონი მიხეილ სამოელის ძე ბენდერსკი და იქ მყოფი ცნობილი აფერისტები არშაკ იაკუბეკოვი და დავით ტერ-დავიდოვი. სამივე როგორც ამ პრიტონის მომწყობნი დაპატიმრებული არიან. კლუბში მყოფი დანარჩენები მიიმალნენ.

მსგავსი/Related

Back to top button