დაუჯგუფებელი

ნატა ფერაძე

სამოქალაქო მოძრაობის „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტი

„აქცია თავდაპირველად დაანონსებული იყო სრულიად აპარტიული ორგანიზაციების – „რუსეთის ოკუპანტია“ და „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ – მიერ, თუმცა უცებ ვნახეთ, რომ პირველ დღეს სადავეები აიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და იქ საკმაოდ აგრესიული ქმედებები დაიწყო, რაც აშკარად მიუღებელი იყო. მეორე დღისთვის სამოქალაქო აქტივისტებმა შეძლეს მობილიზება და გამოაჟღავნეს ძალიან კარგი თვითორგანიზების უნარი, რასაც პროტესტის მომდევნო დღეები მოწმობს. 

ძალიან სწორია, რომ აქციის ორგანიზატორებს აქვთ სამი კონკრეტული მოთხოვნა, რათა პროტესტი ბევრ სხვადასხვა მოთხოვნას შორის არ გაიფანტოს. ისიც ძალიან კარგია, რომ საპროტესტო აქციები საღამოს 7 საათზე იწყება და ხალხი მიდის იქ, როგორც სამსახურში. ეს არის სამსახური, ეს არის ქვეყნის შენება, და ამითი მოქალაქეებს უჩენდებათ შეგრძნება, რომ თავიანთი ქვეყნის ცხოვრების თანამონაწილეები არიან. 

ახლა ეყრება საფუძველი ისეთ პროტესტს, სადაც არ არის ერთი, მკვეთრად გამოხატული ლიდერი, ან ერთი, მკვეთრად გამოხატული ლიდერი-პარტია. ეს არის როგორც სამოქალაქო მოძრაობების, ასევე პოლიტიკური პარტიების შეთანხმებული პოზიცია. ეს ახალ კალაპოტში გადაიყვანს ჩვენს სახელმწიფოებრივ წყობას იმიტომ, რომ აღარ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთ კუმირზე“.

მსგავსი/Related

Back to top button