ოპოზიცია შარლ მიშელის მიერ გამოცხადებულ ევროკავშირის გაფართოების გეგმას ეხმაურება
სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 20230 წლისთვის ევროკავშირის გაფართოებაზე გაკეთებულ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან რეაქციები მოჰყვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს რომ ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. “რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე – ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
“უპრეცედენტო განცხადებაა შარლ მიშელის მხრიდან, საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია”, აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. მისი თქმით საქართველოს შეუძლია მოიპოვოს სრულუფლებიანი წევრობა თუმცა ამისთვის უნდა შეასრულოს კონკრეტული ამოცანები: “ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება, საქართველოსთვის რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ვხდებით ევროკავშირის წევრი” დასძინა მან.
“ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ დავრჩებით ამ გაფართოების ტალღის მიღმა და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში ,” – განაცხადა “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით: “ეს იქნება უკანასკნელი ტალღა ევროკავშირის გაფართოების და საქართველოს ერთადერთი რეალური შანსი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს არის, რომ მოექცეს გაფართოების ამ ტალღაში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად”.
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის გზაზე ბარიერია რეკომენდაციების იგნორირების, ასევე, მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამო. “შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის საქართველომ მიიღოს სტატუსი. ეს არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ხელისუფლების დამსახურებაზე. ეს არის ქვეყნის სამომავლო სტრატეგიული ინტერესი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ შეეცდება ამ ქულების ჩაწერას. „ქართული ოცნება“ რომ ვერ ჩაიწერს, ეს ნათელია, რადგან ის ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ გზას, უკრაინის მტერია და რუსეთის მოკავშირე, ყველამ ყველაფერი კარგად იცის” – განაცხადა მან.
მასალა განახლდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)