skip to content
ახალი ამბებიდაუჯგუფებელი

მთავრობამ პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე ოფიციალური უარი უთხრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე  ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. “ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე” ნათქვამია განცხადებაში.

ამის საპასუხოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით საერთაშორისო ვიზიტების დროს უნდა მიიღოს, “აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას” დასძინა მან.

მან დაამატა, რომ თანხმობის არქონას აქვს თავისი მიზეზები გაიხსენა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, “რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა. მაშინ მის განცხადებაში იყო ასეთი პათოსი, რომ თითქოს დღეს საქართველო კანდიდატის სტატუს არ იმსახურებს”.

“მაშინ, როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასების კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა რისკები არსებობს, რომ მისი ვოიაჟი იყოს ასევე ამ მიზნიდან გამომდინარე“, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით საქართველოს ყველა მოქალაქემ, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები შესრულდა და რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. სხვაგვარად საუბარი მისი თქმით საბოტაჟია. “ქართული ოპოზიცია, მათი ტელევიზიები და სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ეს საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ,” – დასძინა მან.

მან ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ აპირებს, რადგან არ იქნება საკმარისი ხმები მისი იმპიჩმენტისთვის, თუ გავითვალისწინებთ ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტების განსახორციელებლად მთავრობისგან დასტური სჭირდება. მის საერთაშორისო ვიზიტებზე თანხმობა სადავო საკითხად რჩება პრეზიდენტსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის: 2022 წლის მარტში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button