მოსკოვი საქართველოსთან მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტსა და კავშირზე საუბრობს
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში რუსეთსა და საქართველოს შორის ბიზნესკავშირების განვითარებაზე ისაუბრა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
სერგეი კატირინის თქმით, სარკინიგზო ტრანზიტი ასევე უნდა მოეწყოს აბრეშუმის გზის გასწვრივ: ჩინეთი, ირანის პორტი ბანდარაბასი, ასტარა (აზერბაიჯანი), ირანი, გაბალა (აზერბაიჯანი), მარნეული (საქართველო) და შემდეგ აფხაზეთის გავლით რუსეთში. მან აღნიშნა, რომ „ეს, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალებას მისცემს გაზისა და ნავთობის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას სტაბილურ და პროგნოზირებად ფასებში“.
მისივე თქმით, სარკინიგზო ტრანზიტი „შეამსუბუქებს ტვირთს ზემო ლარსის სასაზღვრო გადასასვლელზე და შეამცირებს მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას მათი მოცულობის გაზრდით“. კატირინმა ასევე დასძინა, რომ „თურქეთის გავლით რუსული საქონლის ტრანზიტის მხრივ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასეთი სქემის ორგანიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
კატირინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭომ, რომელიც წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაქვემდებარებაში შეიქმნა, „უკვე დაიწყო კონკრეტული საკითხების განხილვა“ და რომ „საქართველოში გარკვეული წრეების მხრიდან არსებობს ინტერესი“. მან ასევე განაცხადა, რომ უამრავი ბიზნესმენია დაინტერესებული და რუსული მხრიდან მხარდაჭერას ელის.
მისი თქმით, „ავიამომსახურება, სავიზო რეჟიმი – ეს არის სიგნალი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას საქართველოსთან თანამშრომლობა სურს და ეს პირველი საკითხია, რაზეც ვისაუბრეთ საბჭოს შექმნისას“.
იმ მიმართულებებს შორის, რომლითაც რუსული მხარეა დაინტერესებული, მან აღნიშნა „რუსული ექსპორტის საფუძველი“ – ნავთობპროდუქტები, გაზი, ქვანახშირი, ნავთობი, ხორბალი და ხორბლის ფქვილი. საქართველო კი, მისი თქმით, ძირითადად, ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლის, ფეროშენადნობისა და მანქანების ექსპორტს ახორციელებს. კატირინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არსებობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა“ და დასძინა, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ის 2022 წელთან შედარებით 73%-ით გაიზარდა.
16 მაისს ტელეკომპანია „საზოგადოებრივს მაუწყებელთან“ ინტერვიუში, რუსეთთან დაახლოების შემდგომი ნაბიჯების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვაა და არა მეორე ფრონტის გახსნა. მან ასევე დასძინა, რომ რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში სხვა საკითხებიც იქნება განხილული, თუმცა ამის სწრაფად გაკეთება „რთული იქნება“.
რუსეთთან დამატებითი მარშრუტების გახსნის საკითხი ძალიან საკამათოა საქართველოში და წლის დასაწყისში სკანდალიც კი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას განიხილავდნენ. აბაშიძემ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/05/2023 – რუსეთმა 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
- 27/03/2023 – მოსკოვში რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ფორუმზე ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
- 22/02/2023 – „TI საქართველო“: 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა
- 03/02/2023 – სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთთან ფრენების აღდგენას, შესაძლოა, პროცესში ჩართული კომპანიების დასანქცირება მოჰყვეს
- 02/02/2023 – კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა
- 10/02/2021 – სოხუმს რუსეთ-სომხეთის რკინიგზის პროექტში მონაწილეობა სურს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)