დაუჯგუფებელი

ზაზა აბაშიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

Tags

თავიდანვე აქ ვარ. ჩემს პირად მოტივს გეტყვით: მე ვფიქრობ, რომ აქ მყოფ ადამიანებს აერთიანებთ [სამი მოთხოვნიდან] ახლა უკვე ერთი მოთხოვნა, რომელიც დარჩა შეუსრულებელი – გიორგი გახარიას გადადგომა. და რატომ არის ეს მოთხოვნა ასეთი მნიშვნელოვანი: ერთი  – სიჯიუტის გამო, სიტყვა ვთქვით და ამ სიტყვის შესრულებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, და მეორე ის, რომ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მსგავს ფაქტს ჩაიდენს, საკუთარ მოქალაქეებზე არაპროპორციულ ძალადობას განახორციელებს, მას ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს.

თუ ვინმე დაუკვირდება, ჩვენ აქ უკვე ერთი თვეა ვიკრიბებით. არავის მოუთხოვია გიორგი გახარიას ციხეში ჩასმა ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე და თანამდებობიდან გადადგომაზე. ამის შემდგომ უკვე გამოძიებამ, სასამართლომ, რომელიც სამწუხაროდ არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც სასამართლომ გადაწყვიტოს. ეს შემდგომში ჩვენი საქმე აღარ არის, იყო თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მეორე – ამ პასუხისმგებლობის გარდა არის ის, რომ მორალურად უნდა შედგეს აქტი, რომ სამართალმა იზეიმოს. სამართლის ზეიმი ამ შემთხვევაში ცალსახად არის გიორგი გახარიას გადადგომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ პოლიტიკურ-სამართლებრივი-მორალური ასპექტები გვაერთიანებს. ამ სამივე ასპექტის დაგვირგვინება იქნება გიორგი გახარიას გადადგომა და სწორედ ამას ვითხოვთ ჩვენ. გიორგი გახარიას სახლში წასვლა, არის ერთადერთი სწორი გზა.

თუ გახსოვთ, მეორე დღეს, როცა აქ ძალიან ბევრი ხალხი იყო, [პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ] ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არ აპირებდა გადადგომას. ზუსტად 24 საათში, თავისი ხელით დაწერა განცხადება. დაახლოებით ანალოგიური იყო [დეპუტატ ზაქარია] ქუცნაშვილისა [და] პროპორციული არჩევნების შემთხვევაშიც.

მთავრობა, ივანიშვილი ასე პოზიციონირებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები უნდა დავიკრიბოთ, სახლში წავიდეთ, რადგან ესენი ასე ამბობენ. ბოლო ერთი თვე იყო ნათელი მაგალითი, რომ როდესაც შეიქმნა წნეხი და ეს წნეხი იყო შეუქცევადი, მათ მოუწიათ საკუთარ სიტყვებს გადახტომოდნენ და რასაც 24 საათის წინ ამბობდნენ, იმის საწინააღმდეგო გაეკეთებინათ. შესაბამისად, რაც უნდა ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილმა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სახლში არ წავალთ.

დემონსტრაციები და აქციები [მხოლოდ] ამ ფორმას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს „წერტილოვან დარტყმებს“, მათ „შეწუხებას“ ყველგან კანონის ფარგლებში. ყველა კონსტიტუციურ და სამართლებრივ გზას მივმართავთ იმისთვის, რომ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ყოფნა მისთვის და მთელი ხელისუფლებისთვის პრობლემა იყოს. არ დავიზარებთ არც ამ ზაფხულში და არც მერე.

ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, რაც ერთის მხრივ, პრობლემაა, თუმცა მეორეს მხრივ, ძალიან გრძელვადიანი პერიოდით თუ განვსაზღვრავთ, მადლობელიც ვარ იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასე იწრთობა, იზრდება და აქ ვინც ვდგავართ, ხელისუფლებას პასუხს მაინც მოვთხოვთ.

მსგავსი/Related

Back to top button