ახალი ამბები

არასამთავრობოები ხელისუფლებისგან პრორუსული ძალების „ფორსირებულ შეტევაზე“ დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ

15 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“ და „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ჰიბრიდული ომის განსაკუთრებულ გააქტიურებას“ ეხმარუება და ხელისუფლებისგან „დაუყოვნებლივ რეაგირებას“ ითხოვს.

კოალიციის – „ევროატლანტიკური საქართველოსთვის” – სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის დღევანდელ გამოსვლას მოჰყვა, ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, „იმ რუსი დეპუტატების საქართველოში მოწვევა, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ღია განცხადებები აქვთ გაკეთებული ოკუპაციის მხარდასაჭერად, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა“.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ წლების განმავლობაში, სახელმწიფო „არაადეკვატურად რეაგირებს“ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ხშირ შემთხვევაში კი, ახალისებს კიდეც პრორუსულ და რადიკალურ სენტიმენტებს, რისი დადასტურებაც, მათივე თქმით, არის „ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დავით გარეჯის საკითხსა თუ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით“.

„პრორუსული ძალები ფორსირებულად უტევენ და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ხელისუფლებას მოუწოდებენ, „შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობები და იმოქმედოს ანტისახელწიფოებრივი ქმედებების წინააღმდეგ“.

„თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს დაუყოვნებლივ, ქვეყნის ინტერესებს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით“, – აცხადებენ უფლებადამცველები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button