skip to content
რესპუბლიკის ამბები

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო ხელშეკრულება დაიდო

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 18 ივნისი, N132

საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს სამხედრო ხელშეკრულებას ამ ორ სახელმწიფოს შორის. ხელშეკრულებას წმინდა თავდაცვითი ხასიათი აქვს. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ამ ორმა მეზობელ სახელმწიფომ ერთმანეთს სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს მხოლოდ მტრის შემოსევის დროს. ხოლო თუ რომელიმე მათგანი თვითონ მოიწადინებს თვით ომის დაწყებას ვინმეს წინააღმდეგ, მეორე მხარე მოვალე არ არის მას მხარი დაუჭიროს. ეს ხელშეკრულება, ამ მხრით სრულებით არ ჰგავს იმ სამხედრო კონვენციებს, რომელსაც ჩვეულებრივ კრავდნენ ბურჟუაზიული სახელმწიფოები: ამნაირი სამხედრო კავშირების შეკვრა მუდამ შიშის ზარსა სცემდა კავშირს გარეთ მდგომ სახელმწიფოებს, მუდამ სწამლავდა საერთაშორისო ატმოსფეროს, რადგან მეზობელმა იცოდნენ, რომ დღეს არა, ხვალ მოკავშირეები ვისმეს წინააღმდეგ იერიშს მიიტანენ და შეერთებული ძალებით მოინდომებენ მეზობლებზე თავდასხმას. ამიტომ იყო, რომ ბურჟუაზიულ სახელმწიფოთა სამხედრო ხელშეკრულებების დადება რეაქციონურ მოვლენათ ითვლებოდა.

სულ სხვა ხასიათისაა საქართველო-აზერბაიჯანის ხელშეკრულება. არავის წინააღმდეგ იგი არ არის მიმართული, არავისათვის იგი საშიშროებას არ წარმოადგენს და ვერავის ძილს ვერ დაუფრთხობს, გარდა იმისა, ვისაც სხვისი თავდასხმა და მტრობა აქვს გულში. იგი მიმართულია სწორედ მათ წინააღმდეგ, ვინც სხვის წყენას მოინდომებს. იგი მიმართულია მოძალადეთა და სამართლიანობის დამღრვეველთა წინააღმდეგ, იგი დადებულია იმ მიზნით, რომ ორივე მეზობელ ხალხის მშვიდობიანი ცხოვრება უზრუნველჰყოფს. მაშასადამე, დემოკრატიულ თვალსაზრისით, ეს ხელშეკრულება სასურველ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კიდევ ერთი მხარე იპყრობს ჩვენს ყურადღებას ამ ხელშეკრულებაში. დაშნაკცაკანთა მაუზერისტების სათარეშოდ გადაქცეულს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას თვალი სულ გარეთ უჭირავს, უცხო სახელმწიფოების ძალით უნდა თავის „ბედნიერების“ მოპოვება. იგი მუდამ გაურბოდა და დღესაც გაურბის ყოველივე შეთანხმებას თავის მეზობლებთან, მაგრამ საქართველო-აზერბაიჯანის ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ეს საზიზღარი თვისება დაშნაკური მთავრობისა მუდამ ვერ გაიმარჯვებს და სომხეთის სახელმწიფო იძულებული შეიქმნება დაადგეს იმავ მოგერიებითი პოლიტიკის ხაზზე, რომელსაც დღეს საძირკველი ჩაუყარა ამიერკავკასიის ორმა სახელმწიფომ. ადრე თუ გვიან გარემოება ძალას დაატანს სომხეთის სახელმწიფოს და მასაც ჩააბამს ამიერკავკასიის ერთა დემოკრატიულ კავშირში, ამ მხრივ ეს ხელშეკრულება წარმოადგენს იმ დვრიტას, რომლის გარშემოც მომავალში განმტკიცდება ამიერკავკასიის ყველა ერების ორგანიზაცია, რომელიც ყველა ერების მშრომელ ხალხს მიანიჭებს მყუდრო ცხოვრებას.

ეს ხელშეკრულება თვით ცხოვრებამ წარმოშობა, იგი წარმოადგენს ამიერკავკასიის მთელ დემოკრატიის ლტოლვილებას შეერთებისკენ. ამ ლტოლვილებამ ძლიერ იჩინა თავი მეტადრე იმ მომენტში, როდესაც ამიერკავკასიის დემოკრატიას განადგურებას უწადის გარეშე რეაქციონური ძალა. ძნელია  მხოლოდ დასაწყისი, და რაკი ორივე რესპუბლიკის დემოკრატიის გავლენით საძირკველი ჩაყრილია, ამიერკავკასიის ერები მალე დაინახავენ, რომ მეზობელ სახელმწიფოებს აერთებს არა მარტო გარეშე საფრთხე და თავდაცვის საჭიროება, არამედ ბევრი სხვა მხარეები შინაურ ცხოვრებაში. დღითი-დღე გამოაშკარავდება, რომ ერთა კავშირი აუარებელ სარგებლობას მოუტანს მოკავშირე მხარეებს, საერთო ნგრევით და რყევით გამოწვეულ გასაჭირში ხელის-ხელ ჩაკიდებული სვლა მათ საგრძნობლათ გაუადვილებს ცხოვრებას და ყოველ ჭირს ადვილათ აატანინებს. შეგნებულმა დემოკრატიამ დიდი ხანია იცის და იგი ეცდება ფართო მასსასაც შეაგნებინოს, რომ მთავრობათა მიერ დადებული და ხელმოწერილი ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ არის მკვიდრ ნიადაგზე აგებული, როდესაც მას საძირკვლათ უდევს სულიერი თანხმობა და ძმური განწყობილება ამ სახელმწიფოთა ფართო დემოკრატიულ წრეებისა. ჩვენ ეჭვი არა გვაქვს, რომ ამიერკავკასიის დემოკრატია მხარს დაუჭერს ახლა დადებულ ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარებას, იზრუნოს მის გაფართოებაზე და მეზობელ ერთა მჭიდრო კავშირათ გადაქცევაზე.

მსგავსი/Related

Back to top button