რესპუბლიკის ამბები

ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის სიტყვა 26 მაისს ქუთაისში

გაზ. „ჩვენი ქვეყანა“, 1919 წლის 5 ივნისი, N102.

ეს არს დღე, რომელ ქმნა

უფალმა, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა.

დღეს ბედნიერი საქართველო განურჩევლად სქესისა, ასაკისა, მიმართულებისა და რწმენისა დიდის ზარით და ზეიმით დღესასწაულობს წლის თავს თავის ეროვნულ პოლიტიკური თავისუფლების მკვდრეთით აღდგომას. დღეს მთელი ქართველი ერი წითელ ხაზით აღნიშნავს თავის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს.

მადლობა უფალს, რომ ჩვენ მოვესწარით და მოწმენი ვართ ამ უაღრესად დიდ ეროვნული ბედნიერებისა.

თავისუფლება-დამოუკიდებლობა ის ტკბილი გასაგონი, ზეაღმაფრენი, სასწაულთ მოქმედი და ცხოველმყოფელი ძალაა, რომლის ზეგავლენით იბადება, იშლება, იფურჩქნება, ძლიერდება და ჰყვავდება ერის გენია, ერის შემოქმედებითი ნიჭი და სული და, ბოლოს ამ ნიადაგზე უკვე ჩნდება კულტურა, რომელიც არის თავისუფალ ეროვნულ სულის აღმონახეთქ-აღმონაქაფი კულტურის ღირსება-სიმაღლით განიზომება ერის დიდება, სახელი და ბრწყინვალება. ყოველ ერს საერთო საკაცობრიო კულტურის სამარადისო სალაროში შეაქვს სახე თავისი სულიერ უკვდავებისა და მუდმივობისა. თავისუფლების ამ დიად მნიშვნელობით აიხსნება ის მოვლენა, რომ ყოველი ერი ინსტიკტურად თუ შეგნებულად ბუნებრივად ეტრფის თავის „წმინდათა წმინდას“ ტკბილ და საამო თავისუფლებას: თავს ევლება, იცავს, ინახავს მას მთელი თავისი ძალღონით, სასიკვდილო ომს უცხადებს ყველას, ვინც მოინდომებს წართმევა, მოსპობას ამ მის თვითარსებობას დაუფასებელ განძს და საუნჯეს.

ქართველ ერს უძველესი დროიდან თავის ისტორიული არსებობისა კარგად ჰქონდა შეგნებული და გათვალისწინებული, ეს უაღრესი მნიშვნელობა ეროვნულ პოლიტიკურ თავისუფლებისა, როდესაც მან მის დაცვა შენახვა-შენარჩუნებას შეალია მთელი ძალ-ღონე თავის მრავალ საუკუნეთა ცხოვრებისა; არ დაზოგა და თავისუფლების საკურთხეველზე მსხვერპლად შესწირა ბევრი თავისი ღირსეული შვილი, რომელთა უკვდავი და შარავანდედით მოსილი სახელები ამკობენ და ამშვენებენ ჩვენი ერის და ქვეყნის ისტორიას. ქართველმა ერმა უძველესი დროიდან დაიკავა ქვეყნიერების ერთი საუკეთესი, ლამაზი და მშვენიერი კუთხე, რომელიც, მიუხედავად მრავალ რიცხოვანი გარშემორტყმულ მოქიშპე, მოშურნე და მოსისხლე მტერთა და, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაიარა ევროპისაკენ მიმავალმა აზიის სხვა და სხვა ხალხთა ურდოებმა, მან გაამაგრა და შეინარჩუნა ეს მართლაც მომხიბლავი მხარე; შექმნა თამარ მეფის ბრწყინვალე და ოქროს ხანა. აწარმოვა ბევრი საბედისწერო და სახელოვანი ომები, რომელთა შეჰქმნეს ქართველ ხალხის ფარხმალის სიძლიერის სახელი; განავითარა ყოველი მხარე ცხოვრებისა. დაარსა შინ და გარეთ ბევრი განმანათლებელი ცენტრები; შეჰქმნა მაღალი კულტურა და და მდიდარი ლიტერატურა; უაღრესად განავითარა და განამდიდრა ენა და მწიგნობრობა. ათასობით დარჩენილი და ჩვენამდე მოღწეულ პერგამენტზე დაწერილი 7-17 საუკუნის ძვირფასნი ხელნაწერნი, დაცულნი, როგორც ჩვენს მუზეუმებში აგრეთვე იერუსალიმში, სინას და ათონის, ყოფილ ქართულ მონასტრებში, მჭერმეტყველურად ღაღადებენ ამას; მოჭედა თავისი ისედაც ლამაზი ქვეყანა ხელოვნების  და ხუროთმოძღვრების შედევრებით და ამ ხელოვნებაში მან შეიტანა თავისი საუკუთარი შემოქმედება. მეთორმეტე საუკუნეში ქვეყნის ზურგზედ მარტოდ-მარტოდ ერთი ქართველი ერი იყო, რომელსაც უფლება ჰქონდა გაშლილი ბაირაღით და ეროვნული თავ დროშებით შესულიყო იერუსალიმში. ისეთი ძლევამოსილებით და დიდებით ქართველმა ერმა მოაღწია მეცხრამეტე საუკუნის კარამდე, როდესაც, მეტად შევიწროებულ პირობებში ჩავარდნილს, რომ შეენახა თავის ეროვნული სული, იძულებული იყო შეეფარებია თავი და დაკავშირებოდა ისეთ მძლავრ სახელმწიფოს, როგორიც მაშინ იყო რუსეთი. ქრისტიანობის ზეგავლენით გულუბრყვილო, გარეშე მტერთა ბრძოლით ღონე მიხდილმა, ერმა მიაპყრო თავის თვალები ჩრდილოეთს: იფიქრა იქაც ქრისტეს ჩემსავეთ აღიარებენ, ძალათ მათ ხელშია და მე მტრისაგან გულდაკოდილ დას შემიტკბობენ, წყლულს შემიხვევენ და ისევ ფეხზე დამაყენებენო, ოცნებობდა მაშინ ტანჯული ერი და ქვეყანა.

ქართველი ერი არასდროს ისე საშინლად არ მოტყუებულა, როგორც ამ დროს. მეგობრის სახით მოსულმა მოსისხლე მტერმა, ჩვენს ქვეყანას ნაცვლად ძმურ თანაგრძობისა კისერზე დაადგა მეტად მძიმე და აუტანელი უღელი საშინელი მონობისა: თვით მისი დამაახლოვებელი ჩვენი ეკლესიაც არ დაინდო, გაჰქურდა, გათელა, გაანადგურა მისი საუკეთესო მწყემსმთავარნი მოსწყინდა და აწამა და თვით ეკლესია გახდა ჩვენი გადაგვარების და მოსპობის ერთ-ერთ იარაღათ. დაატყვევა, შეხუთა და შეასუსტა ეროვნული სული; შეაჩერა მისი ცხოველყოფელი შემოქმედება – მისი კულტურული მისწრაფება და თავისუფალი ისტორიული მსვლელობა. პირიდან ენა ამოგვგლიჯა – მოსპო და მის ნაცვლად მოსისხლე მტერი თავის ენას იძულებით გათვისებიებდა, ვინაიდგან მან კარგად იცოდა ჩვენი პოეტის თქმის არ იყოს: „რა ენა წახდეს ერი დაეცეს, ჩირქი წაეცხოს ტაძარსა წმინდას“.

ქართველი ერს თავის ისტორიულ წარსულში ახსოვს ბევრი საშინელი, შეუბრალებელ მტერთა შემოსევა და ჩვენი ქვეყნის აოხრება და ნაცარმტვრად ქცევა, მაგრამ მისი ეროვნული სული იმდენად ძლიერი და ღონიერი იყო, რომ ყოველ ამ გვარ განადგურების შემდეგ, ის კვლავ აღდგებოდა და განახლდებოდა ვით ფენიქსი თავის ფერფლისგან. რუსეთის 117 წლის მონობამ ჩვენს ერს კინაღამ სულიც მოუკლა და განაწამები ქართველი ერი კვნესით თვალცრემლებიანი თავის ქვეყნის ყოველ კუთხეში მწარეთ ღაღადებდა: „აღსდეგ თამარ დედოფალო, აღადგინე საქართველო, სტირის შენთვის საქართველო“ კიდევ ნახევარი საუკუნე, რომ გაგრძელებულიყო ეს უკუღმართი პოლიტიკური გარემოება, იმ შემთხვევაში სულ მთლად გავნიავდებოდით და მოვისპობოდით. მაგრამ ბოლოს სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხის ტანჯვა-წამებამ მიაწია უმწვერვალეს წერტილამდე, როდესაც ქართველობამ მომაკვდინებლად ცოდვად იყო აღიარებული, და შეგნებულ ქართველს თავის საყვარელ და ლამაზ სამშობლოში ადგილი არ ქონდა და ცივ და გაყინულ რუსეთში მიამგზავრებდენ, სწორედ ამ დროს დაემხო ჩვენი მტარვალი მტერი და მოულოდნელად გაიღო თავისუფლების კარები და მისმა ხცოველმყოფელმა სხივებმა მძლავრად შეანათა და შეაშუქა ჩვენი ერის პოლიტიკურ ცხვრებაში აღსრულდა, ხორცი შეისხა დიდიხნის ნატვრამ – ოცნებამ და 117 წლის განაწამები მონა თავისუფალი გახდა.

შესრულდა ჩვენი მუდამ საყვარელ სათაყვანო მგოსნის, მუდამ ცოცხალის, აკაკის პოეტური წინასწარმეტყველება: „დამეხსენი რუსეთელო, რა მაქს შენთან საზიარო. თვით ოხერო მოუვლელო როგორ გინდა მომიარო. გაყინული ცივი გული, სხვას რას გიზამს, თუ არ მტრობას. შეგიპყრივარ, როგორც ლომი გველვეშაპსა ძალადობით, შენი ტყვე ვარ, მაგრამ ჩვენს გულს ანუგეშებს ის იმედი, რომ ოდესმე შენც ცხრაკლიტულს მთლად დალეწავს ჩემი ბედი“. მართლაც დაილეწა, დაიქცა, დაიმსხვრა ბატონობა ჩვენი ერის სიცოცხლის გამამწარლებისა და დღეს ჩვენ მონობისგან თავდაღწეულნი ვდღესასწაულობთ, ვზეიმობთ უკვე ერთი წლის ეროვნულ თავისუფლებას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ამაზედ უფრო უმწვერვალესი ბედნიერება ქვეყანაზე წარმოუდგენელი, შეუძლებელია, ვინაიდგან თავისუფლება საფუძველი, წყაროა ყოველივე სხვა ბედნიერებისა. 1801 წელში ჩატყდა ჩვენი ეროვნული ხიდი და 1918 წლის 26 მაისს ხელახლა გაკეთდა და განახლდა და ეხლა მასზე თავისუფლად მიმოდიან ივერიის ძენი და ასულნი.

გაიხარე მრავალ ტანჯულო ქართველო ერო, 26 მაისი დღეა შენი სულიერი დაბადების, დღეა შენი ეროვნული გაზაფხულისა. წარმოიდგინე ის დიდი საკეთილდღეო  შედეგები, რომელნიც მას თავისთავად მოჰყვება: ამისათვის 26 მაისი, დღე შენი საზიზღარ ტყვეობა-მონობის მოსპობისა და ეროვნული თავისუფლების დროშის აფრიალებისა ოქროს ასოებით წაუშლელათ სამუდამო აღბეჭდეთ შენს და შენს მომავალ შთამომავლების გულის ფიცარზე.

საერთოთ, ქართველ ერის ფართო მასის თავის ისტორიულ წარსულში  არასდროს არ ქონია განვითარებული თავისი ეროვნული შეგნება, ისე კარგათ, როგორც დღესაა და მეტად სასიამოვნო მოვლენა უსათუოდ თავდებია იმის, რომ ჩვენი თავისუფლება სამუდამო და სამარადისოა, რომ ჩვენი ქვეყნის ძენი და ასულნი გარს შემოერტყმიან თავის საყვარელ სამშობლოს და მის თავისუფლებას ისე გაუფრთხილდებიან, მას როგორც თავის საკუთარ თვალის გუგას, რომ ააცდინონ მას ყოველგვარი მოსალოდნელი განსაცდელი და ხიფათი.

ამიერიდან იწყება თავისუფალ საქართველოს ახალი ხანა, ხანა მისი პოლიტიკურ-კულტურულ, ეკონომიურ და ეკლესიურ ცხოვრების აღორძინება-აჰყვავებისა და ამ გზით ის მჭიდროთ დაუკავშირდება თავისუფალ განათლებულ ევროპის ერებს, რომელთა შორის ის დაიჭერს თავის საპატიო ადგილს.

გაუმარჯოს ქართველ ერის ძლიერ ეროვნულ სულს, რომელმაც სძლია, დათრგუნა, გადალახა, ათასგვარი დაბრკოლებანი და მოიყვანა ჩვენი ერი და ქვეყანა დღევანდელ ბედნიერებამდე.

ვაშა, ვაშა იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც დღევანდელი ბრწყინვალე გზა გაუკაფეს ტანჯულ სამშობლოს.

მადლი ღვთისა, მფარველობა ღვთისმშობლისა, რომლის წილხდომილია ჩვენი ქვეყანა, ლოცვა და კურთხევა ქალწულ ნინოსი, მოწამე ქეთევანისა და თამარ მეფისა იყოს ჩვენს თავისუფალ სამშობლოზე ამიერიდან უკუნისამდე.

ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი

მსგავსი/Related

Back to top button