ქვეყნის ლიდერები მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
დღეს, საქართველო პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 105 წლისთავისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბლისთან ერთად, კიდევ 15 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა; პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ამის შემდეგ, ერთდროულად საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს.
პარალელურად, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებების გაფორმებაში შარშანდელისგან განსხვევებით, წელს ევროპის დროშა აღარ გამოიყენეს, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და რიგითი მოქალაქეების ნაწილმა დღეს რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე ევროპის დროშებით ხელში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროპას“. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მედიასთან საუბარში ამბობდნენ, რომ პოლიციელები მათ თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, სადაც ღონისძების ოფიციალური ნაწილი მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ, გამოცემა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ სამართალდაცველებმა ისინი მოედნისკენ იმ მიზეზით არ გაუშვეს, რომ ღონისძიების პარალელურად აქცია არ მოეწყოთ. „მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, მაგრამ დროშა რომ მიჭირავს, ალბათ იმიტომ“, – თქვა მან. მედიის ცნობით, პოლიციელებმა საპროტესტო მსვლელობის ერთი მონაწილე დააკავეს.
პრეზიდენტის მიმართვა
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სიტყვა ახალწვეულებისადმი მიმართვით დაიწყო და მათ უთხრა, რომ ფიცის დადებით ისინი უერთდებიან ქართულ ჯარს, რომელიც „ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია“. „დღეს, თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი ჩვენი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, ომ „ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა, სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა“. „26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველანი ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს“.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს დღე თავისით არ მოსულა“ და „იმისთვის, რომ 26 მაისი დამდაგარიყო, ჩვენმა წინაპრებმა დამოუკიდებლობის მიზანს სიცოცხლე მიუძღვნეს, თავი გაწირეს და ძალა არ დაიშურეს“. „ქართველებმა ვიცოდით თავდაცვაც და თავდადებაც. ვიცოდით თავისუფლების და მშვიდობის ფასი. გვესმოდა, რომ ერთი მეორისგან განუყოფელია“. აღნიშნა რა, რომ „ქართველები არცერთი ქვეყნის ჩრდილქვეშ ცხოვრებას არ ეგუებოდნენ და მიზნად არც რომელიმე ქვეყნის დაპყრობას თუ მტრობას არ ისახავდნენ“, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „რუსეთის იმპერიის წნეხის ქვეშ, ტოტალური რუსიფიკაციისა და „ერთმორწმუნე ძმის“ მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, ფრესკების განადგურების მიუხედავად, შევძელით და შევინარჩუნეთ ენაც და სარწმუნოებაც“.
„70 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ და 26 მაისის ხსენების აკრძალვამაც კი ვერ მოახერხა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის მოსპობა. ქართველში ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ჩაკლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წყურვილი. პირიქით, რაც მეტად გვებრძოდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის ჟინი და საზოგადოების შემართება. დღემდე ამ ღირსებით, ამ პრინციპებით და ამ შეგნებით მოვედით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ 26 მაისი „სიამაყის დღე უნდა იყოს – შემართებისა და ღირსების დღე“.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ „ყველაზე მთავარი იმედი“ ჩვენი საზოგადოებაა, რომელმაც „მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება“. „ამ საზოგადოების ძალა და შემართება ყველას მიერ გასათვალისწინებელია, რამეთუ ის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს. მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს“.
აღნიშნა რა, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ხელისუფლების ვალია, „არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია“. „ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა“, – დასძინა მან.
„ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში სტუმრობაზე მინიშნებით დაამატა: „ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ“.
„არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნითპროტესტი და მეორე მხრივ უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მმართველი გუნდი მსგავსი შემთხვევების გაპროტესტების გამო მოქალაქეთათვის ქსენოფობიის დაბრალების გამოც გააკრიტიკა.
„ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული…, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს“. პრეზიდენტმა მმართველ გუნდს იმის გამოც უსაყვედურა, რომ ქვეყანაში „მასობრივად შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს „არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები“ არ დაუწესა.
სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის ლიდერები დასავლელი პარტნიორების მისამართით განცხადებების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ „ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ“. „ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით“, – თქვა მან.
„გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, „ქართველობის წართმევას“, გარყვნილობას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ. საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ“.
ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხსაც შეეხო და თქვა: „გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!“. „ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა!“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
„ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ თუ ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა?… ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია“, – განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ „როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?“. ამით მან მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებზე მიანიშნა, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ყოფას გაუადვილებს.
ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსოფლიო იცვლება და „ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება გზაგასაყარზეა“. „საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება – საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ იმ ფონზე, როდესაც ხალხი მისი ნების აღსრულებას ითხოვს „ხელისუფლება სადაა?“.
„ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია“, – თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ „ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა“.
„დღეს საზოგადოებისთვის სასოწარკვეთილების და უიმედობის დრო ნამდვილად არაა. ქართული საზოგადოება ეროვნული ინტერესების და ღირსების დასაცავად უკან არასოდეს იხევდა და ეს უახლოესმა ისტორიამაც გვაჩვენა. ახლა მთავარია, ყველამ ერთად დავინახოთ და გავიაზროთ ეს გარდაუვალი ცვლილებები, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და არავის მივცეთ უფლება ჩვენი გზიდან გადაყვანის… გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! გილოცავთ 26 მაისს! გაუმარჯოს საქართველოს!“.
პრემიერის მიმართვა
პრემიერმა ღარიბაშვილმა „უმთავრესი ეროვნული დღე“ მიულოცა ყველას, „ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება“. „დღეს სიამაყით ვიხსენებთ ყველას, ვინც თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების სიყვარულს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსთვის გაიღო მსხვერპლად. 1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის“.
ხაზი გაუსვა რა, რომ „პირველი დამოუკიდებლობა მართალია ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის აღმოჩნდა“, პრემიერმა აღნიშნა, რომ „1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, მის ღირებულებებს დაეფუძნა. ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „დამოუკიდებლობის მოპოვებით ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ“, თუმცა, „გზა დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია“. „დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს… ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს”. „თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას…“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ „დღესაც, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს“. „შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს ჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა“.
ამის შემდეგ, მან ხაზი გაუსვა, რომ „თავისუფლების უპირველესი მტერია ომი“. ამ კონტექსტში მან რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ „სასტიკ“ ომზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინააღმდეგაც „მოძმე უკრაინელი ხალხი.. უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად“. „მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ“, – დასძინა მან.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, „ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე“, ამიტომ „ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა“.
„ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში, და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას“, – განაცხადა მან.
ამის შემდეგ, პრემიერმა აღნიშნა, რომ „სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს“. ამ კონტექსტში მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ“. „ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის“.
ამის შემდეგ, პრემიერმა აღნიშნა, რომ თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა. მანვე დასძინა, რომ მიუხედავად ამ მიმართულებით მმართველი გუნდის მიერ მიღწეული „თვალსაჩინო“ შედეგისა, ხელისუფლება გააგრძელებს შრომას, სანამ ბოლომდე არ დაამარცხებს სიღარიბესა და უმუშევრობას და „სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის სიძლიერე და კეთილდღეობა“.
მანვე თავისუფლების კიდევ ერთ მტრად „სიცრუე და დეზინფორმაცია“ დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ „ფსევდოფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და როდესაც ბოროტი ძალები ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, ცდილობენ ფაქტები აღქმებით ჩაანაცვლონ, რეალობად გაასაღონ სიცრუე, თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენს ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე“. „შესაბამისად, მხოლოდ უზენაეს ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შენება უნდა გახდეს ჩვენი საერთო მიზანი და ეროვნული იდეა“.
პრემიერმა ევროინტეგრავიის გზაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღწეულ „შთამბეჭდავ წარმატებაზეც“ გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „ჩვენ კვლავაც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს“.
„დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას“.
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობას, კეთილდღეობას, გამარჯვებას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – თქვა პრემიერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)